ავტოსპორტი

20:58 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა

ავსტრიელი მილიარდერი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, „რედ ბულის“ თანა-დამაარსებელი დიტრიხ მატეშიცი, 78 წლისა გარდაიცვალა. ის კიბოთი იყო ავად.

შტირიაში დაბადებულმა ბიზნესმენმა ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი გლობალური იმპერია შექმნა. მისი ქონება 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითაც „ფორბსის“ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში, 51-ე ადგილი უკავია.

მატეშიცი მარკეტინგის გენსად არის აღიარებული. მან საკუთარი წარმატება დიდი მონდომების და ბევრი შრომის წყალობით შექმნა. ვენის მსოფლიო ვაჭრობის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1970-იან წლებში, სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის სპეციალისტის რანგში მუშაობდა.

მატეშიცს ხშირად უწევდა მოგზაურობა აზიაში, სადაც ენერგეტიკული და მასტიმულირებელი სასმელების ბაზარს გაეცნო. იმ დროს, ასეთი სასმელების შესახებ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში არაფერი იცოდნენ. ალღოიანმა მარკეტოლოგმა აზიაში 1983 წელს შეისყიდა ასეთი სასმელის წარმოების ლიცენზია. ერთი წლის შემდეგ, ტაილანდელ ბიზნესმენ ოჯახ იოოვიდიასთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია „რედ ბული“, რომლის 49 პროცენტსაც თავად ფლობდა.

მოგვიანებით, მატეშიცმა ენერგეტიკული სასმელის მოდიფიცირება განახორციელა და შეიმუშავა საბაზრო კონცეპცია, რის შემდეგაც, 1987 წელს ბაზარს „რედ ბული“ წარუდგინა. ახალი სასმელი მალე გახდა პოპულარული ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. თუმცა დასაწყისი იოლი არ ყოფილა. შარშან ჯგუფის ბრუნვამ 7.8 მილიარდ ევროს მიაღწია, სულ კი მსოფლიოში 9.8 მილიარდი ქილა „რედ ბული“ გაიყიდა.

მატეშიცის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, შეერთებული შტატების ბაზარზე შეღწევა იყო, რაც 1990-იანი წლების მიწურულს მოხდა. ეს კომპანიის ექსპანსიის მთავარი მომენტი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ამჟამად „რედ ბულის“ მიერ გაყიდული სასმელის დაახლოებით მესამედი სწორედ აშშ-ზე მოდის.

მატეშიცმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკუთარი კომპანიის იმიჯის შემუშავებას. დღეს „რედ ბული“ დაკავშირებულია სპორტის სათავგადასავლო სახეობებთან, როგორებიცაა სერფინგი, სამთო ველოსიპედი, სამთო სათხილამურო და საავიაციო სპორტი და რა თქმა უნდა, ავტო-მოტო სპორტი, მათ შორის კი, მთავარი ფორმულა ერთია.

მატეშიცმა ჩაუყარა საფუძველი „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის გუნდ „რედ ბულ რეისინგს“, რომელიც ინგლისში, მილტონ კინსშია ბაზირებული.

მატეშიცი იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს და არც მედიის წინაშე გამოჩენა უყვარდა. ის თავის გერლფრენდთან ერთად, ზალცბურგში ცხოვრობდა. ერთხელ, წლების წინ განაცხადა, რომ დღეში 10-12 ქილა „რედ ბულს“ სვამდა.

0.146925