საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ კონკურენტების, გორის „დილას“, „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ ქულების დაკარგვით ისარგებლა და მათთან უპირატესობა გაზარდა.
იმერულმა გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი წააგო, მეორე ნახევარში ვითარება გამოასწორა, რაც ირაკლი რუხაძის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან 68-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით მეორეც გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძის გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.
„სამგურალმა“ 51 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს, „დილასა“ და „ტორპედოს“ 5-5 ქულით გაასწრო, ხოლო „საბურთალოს“ - შვიდით. წყალტუბოელები მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდებიან. „სიონი“ 30 ქულით მერვე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას გორის „დილასთან“ ჩაატარებს.
„სამგურალი“ – „სიონი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ასათიანი (31), 1:1 რუხაძე (68), 2:1 რუხაძე (90, პენ)