იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „რომა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ჟოზე მოურინიო ყველაზე დიდ საფრთხეს ხვიჩა კვარაცხელიასგან ელოდება.
წყაროს თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ მოედანზე „გალიის დადგმაზე“ ფიქრობს, რათა შეაჩეროს ქართველი, რომელიც თამაშებში ყოველთვის ტოვებდა თავის კვალს. მილანური გაზეთი წერს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის მარჯვენა ფლანგის მიდამოებში სამ ფეხბურთელს დააყენებს, რათა ხვიჩა მაქსიმალურად შეზღუდოს.
როგორც ცნობილი გამოცემა წერს, პირველი ვინც ქართველის წინააღმდეგ ითამაშებს, ნიკოლა ჟალევსკი იქნება, თუ ხვიჩა ცენტრისკენ შეიწევს, მისი მეურვეობა მადი კამარას დაევალება, ხოლო მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ქართველს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, ჯანლუკა მანჩინი იქნება. ამრიგად, კვარაცხელიას წინააღმდეგ სამი ფეხბურთელი ითამაშებს, მაგრამ იქნება თუ არა ეს მის შესაჩერებლად საკმარისი? - ბოლოს ამ კითხვას სვამს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.