საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერი „დინამო თბილისი“ გორში, „დილას“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონის ალბათ ყველაზე დრამატული თამაში შედგა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, ხოლო თავის მხრივ 3 ქულა უმნიშვნელოვანესი იყო „დილასთვისაც“, რომელიც სამეულში მოხვედრას ცდილობს.
გორის „დილამ“ მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა, ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხანაც სტუმართა მეკარე ლუკა კუტალაძე იყო შეუდარებელი. ლოგიკური იყო, რომ 35-ე წუთზე გორელები დაწინაურდნენ - ონორე გომისმა ლამაზი გოლი გაიტანა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე უსმანე კამარამ ყოფილი გუნდის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი VAR-ის ჩარევის შედეგად დაინიშნა. პირველ ნახევარში „დილა“ უპირატესობას ფლობდა, ისევე, როგორც მთელი მეორე ტაიმი. აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილმა 43-ე წუთზე ერთბაშათ სამი ფეხბურთელი შეცვალა, შესვენებასაც არ დაელოდა, რაც მიანიშნებს, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით.
გორელთა შეტევებმა შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო, როდესაც დავით კობოურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „დილა“ ისევ დაწინაურდა. ანდრეი დემჩენკო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, ბევრ მომენტს ქმნიდა, ხოლო „დინამოს“ შეტევაში საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. 89-ე წუთზე ვანდერსონ სილვას ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ ბრაზილიელმა მცველმა პენალტი ვერ გაიტანა - ბურთი ძელს მოხვდა.
მსაჯმა თამაშს 5 წუთი დაამატა და სწორედ ამ წუთებში მოხდა სასწაული. 92-ე წუთზე მეკარის შეცდომის შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 94-ე წუთზე დინამოელთა შესანიშნავი კონტრშეტევა ულად-ომარ იმრანმა ცარიელ კარში გამარჯვების და ვინ იცის, როგორი მნიშვნელობის გოლით დაასრულა.
ამრიგად, „დინამო თბილისმა“ ლიდერობა დაიბრუნა, რადგან 69 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ ისევ ორი ქულით გაასწრო. მომდევნო ტურში თბილისელები „საბურთალოს“ შეხვდებიან. გორის „დილა“ 46 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და „სიონს“ დაუპირისპირდება.
დღესვე ქუთაისის „ტორპედო“ აუტსაიდერ და უკვე დაქვეითებულ „ლოკომოტივს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - 0:0. „ტორპედო“ გამარჯვებების სერიის შემდეგ უკვე 4 ტურია ვერ იგებს (3 ფრე, 1 წაგება), რაც სატურნირო ცხრილზეც ისახება. კახა ჩხეტიანის გუნდია 46 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „თელავს“ შეხვდება. „ლოკომოტივი“ 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ თამაში ელოდება.
„ლოკომოტივი“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)
„დილა“ – „დინამო თბილისი“ 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 გომისი (35), 1:1 კამარა (45, პენ), 2:1 კობოური (75, ა.გ), 2:2 მოისწრაფიშვილი (90), 2:3 იმრანი (90)