ფეხბურთი

17:04 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარა განსაკუთრებულია, მზადაა ნებისმიერი რამ აითვისოს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა. იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი ამჯერად შეაქო და აღნიშნა, რომ მას სირთულეების არ ეშინია.

კერძოდ, სპალეტიმ უპასუხა შეკითხვას, როგორ რეაგირებს ხვიჩა დიდი ფეხბურთელებისგან კომპლიმენტებზე და ნეაპოლელთა თავკაცმა თქვა, რომ ეს კვარაზე ცუდ გავლენას არ მოხდენს:

„როგორც კი მასზე რაღაცას ვიტყვი, მაშინვე ამბობთ, რომ გაბრაზებული ვარ (იცინის - რედ). შუალედის პოვნა საჭიროა, მაგრამ მასზე ცუდ გავლენას ნამდვილად არ მოხდენს. ის ქცევებით, მორალურად განსაკუთრებული ბიჭია, დარწმუნებულია, რომ ძლიერია. რაც არ უნდა სთხოვო, მზადაა აითვისოს და ნებისმიერი სირთულის შთანთქმა შეუძლია. როცა ვკითხე, მშვიდად იყო თუ არა, პენალტის შესრულების მომენტში, მიპასუხა, რომ რატომაც არა. ეს იყო მშრალი, მშვიდი პასუხი და აჩვენებს ვინ არის ის.

„რომა“ – „ნაპოლის“ მატჩი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი მშვენიერია. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რისი გაკეთება ვიცით და შეგვიძლია, არა იმაზე, მეტოქეს რა შეუძლია. უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი თვისებები ვაჩვენოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ანგისა? გარისკვა სწორი არ იქნება, სხვა ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ და ახლა ანგისას თამაში რისკის გარდა, სხვების მიმართ ნდობის ნაკლებობა იქნება, ოსიმენი მზადაა.

არ ვიცი, მოურინიო რას გვიმზადებს, ის სუპერმწვრთნელია, შესაბამისად, საჭიროა, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდია“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.108888