ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მხარეებს განაჩენი გააცნო. ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დავა სასამართლოში ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, ბასილაშვილი უდანაშაულოდ აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, ორი დღის შემდეგ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება.