ფეხბურთი

16:42 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილს "ტოტენჰემი" უგო ლორისის შემცვლელად განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „იუვენტუსის“ შემდეგ ლონდონის „ტოტენჰემსაც“ დაუკავშირეს.

hitc.com-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი უგო ლორისის შემცვლელს აქტიურად ეძებს, რომელიც უკვე 36 წლისაა. „დეზების“ სათადარიგო მეკარე ფრეიზერ ფორსტერი 34 წლისაა და ლორისის მემკვიდრედ არ მიიჩნევა. ამიტომაც, კლუბის სპორტული დირექტორი ბაზარზე ახალ მეკარეს ეძებს, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიულია.

წყაროს თანახმად, ლონდონელებმა თვალი 22 წლის ქართველ მეკარეს დაადგეს და მის შეძენას მომდევნო ზაფხულს ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანელებს მისი გაყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასშიც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ Gazzetta Dello Sport-ი წერდა, რომ მამარდაშვილის თამაშის სანახავად „სევილია“ – „ვალენსიას“ მატჩს „იუვენტუსის“ სკაუტი დაესწრო. იტალიური გაზეთის ცნობით, ტურინელები ვოიცეხ შჩესნის შემცვლელს ეძებენ და მამარდაშვილს დიდი ხანია ყურადღებით აკვირდებიან, ახლა კი გააქტიურება დაიწყეს. „იუვე“ ეძებეს ახალგაზრდა მეკარეს, რომელსაც დიდი ხნით დაიმატებენ და მამარდაშვილი მათ მოთხოვნებს ხელფასის კუთხითაც აკმაყოფილებს, რადგან შჩესნის ხელფასი 7 მილიონი ევროა, ახალი მეკარისთვის კი მათ ასეთი ხელფასის გადახდა არ სურთ.

ისიც სათქმელია, რომ მამარდაშვილის აგენტმა ლევან სეთურიძემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა „იუვენტუსის“ ინტერესი, ასევე თქვა, რომ ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 31 მატჩი ჩაატარა, 12-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

0.109035