იტალიის თასის მერვედფინალში „ქართული დაპირისპირება“ შედგება - ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ წინააღმდეგ.
„კრემონეზემ“ 1/16 ფინალში „მოდენა“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 4:2 დაამარცხა. არადა, კრემონელებს თითქოს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ: საქმე ისაა, რომ „მოდენა“ 22-ე წუთიდან თამაშის ბოლომდე კაცნაკლული თამაშობდა, ხოლო მასპინძლებმა 77-ე წუთზე დავიდ ოკერეკესა და 84-ე წუთზე ფელიქს აფენა-გიანის გოლებით 2:0 დაწინაურება მოახერხებს. და მაინც, 89-ე და 90-ე წუთზე „მოდენამ“ დიაოს დუბლით წონასწორობა რიცხობრივ უმცირესობაში აღადგინა და დამატებითი დრო დაინიშნა.
აქ უკვე მასიმილიანო ალვინის გუნდს შეცდომა აღარ დაუშვია - ლეონარდო სერნიკოლამ დუბლი შეასრულა და „კრემონეზე“ მომდევნო ეტაპზე იანვარში „ნაპოლის“ „სტადიო მარადონაზე“ დაუპირისპირდება. ორი კვირის წინ ეს გუნდები სერია A-ს შეხვდნენ და ნეაპოლელებმა სტუმრად 4:1 მოიგეს, თუმცა 3 ქულა ადვილად ნამდვილად არ მოუპოვებიათ, რადგან 76-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო.
აქვე ვთქვათ, რომ „მოდენასთან“ არ უთამაშია ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც განაცხადში არ იყო. ქართველმა მცველმა ბოლო მატჩში თავის დაზიანება მიიღო და ამიტომაც, სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
„კრემონეზეს“ სერია A-ს 10 ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.