ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ „რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ყველაზე დიდ საფრთხეს ხვიჩა კვარაცხელიასგან ელოდება და მისთვის „გალიის“ აშენებას აპირებს.
წყაროს თანახმად, კვარას წინააღმდეგ მოურინიო რიკ კარსდორპსა და ჯანლუკა მანჩინის ათამაშებს, ამავდროულად B გეგმის შემუშავებაც მოუწევს.
„ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად, ჟოზე მოურინიო ძირითადში რიკ კარსდორპს დააყენებს, რომელიც ტრავმის გამო 5 მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანზე „სამპდორიასთან“ შეხვედრაში დაბრუნდა. ნიდერლანდელს დაცვაში უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ნიკოლა ზალევსკის და კარსდორპი პოტენციურად იდეალური ფეხბურთელია ამ მატჩისთვის კვარას წინააღმდეგ, რადგან იცის თავდაცვა და ამავდროულად მეტოქეზე შეტევაც. მას დაცვით ფაზაში ჯანლუკა მანჩინიც დაეხმარება.
ქართველმა აქამდე აჩვენა, რომ მისთვის საზღვრები არ არსებობს და თითქმის ყველა თამაშში გაიბრწყინა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ მოურინიოს მოუწევს B გეგმის მომზადებაც, რადგან მისი განუწყვეტლივი მოძრაობებით ფლანგზე მუდმივად რიცხობრივ უპირატესობას ქმნის. ის არ არის მხოლოდ გარემარბი, არამედ კარგად იქმნის დასარტყმელ პოზიციას და ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მოურინიოს „გალია“ ნიდერლანდელით იწყება, მაგრამ მანჩინის დახმარებაც საჭირო იქნება“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ნეაპოლელები 26 ქულით ლიდერის პოზიციაზე არიან, ხოლო რომაელები 22 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ.