იტალიური „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამანტინო მანსინიმ Calcionapoli24-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლუჩანო სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა კვარას ურჩია, რომ მწვრთნელს მოუსმინოს და ამის წყალობით საუკეთესო მოთამაშე გახდება.
„ამ ბიჭს კლასი აქვს. არ ვიცი, არის თუ არა ჩემნაირი მოთამაშე, როგორც მე ვიყავი „რომაში“ სპალეტისთან მუშაობისას, რადგან ყველა ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავება. თუმცა, თუ შემიძლია რაიმე რჩევა მივცე, ვეტყოდი, რომ მწვრთნელს ყველაფერში მოუსმინოს. მისი წყალობით ის შეძლებს სრულყოფილი მოთამაშე გახდეს, ყველაზე ძლიერი. მე ამას სპალეტისთან მუშაობის პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
გულწრფელად გითხრათ „ნაპოლის“ ასეთი თამაში არ მიკვირს. ვიცი სპალეტის შესაძლებლობები და ვიცოდი, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვის მიუხედავად გუნდს თავის ხელს დაატყობდა. მან იცის ფეხბურთი, ყოველთვის ბურთის ფლობით თამაში უყვარს. „ნაპოლი“ სიურპრიზი მხოლოდ მათთვისაა, ვინც არ იცის ლუჩანოს მუშაობის შესახებ. სპალეტიმ მე ბევრი რამ მასწავლა და ჩემი კარიერა პირველივე ვარჯიშზე შეცვალა“, - თქვა მანსინიმ.
შეგახსენებთ, ამანტინო მანსინი „რომაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა და სპალეტისთან 2005-2008 წლებში მუშაობდა. მან შემდეგ კარიერა მილანურ გრანდებში, „ინტერსა“ და „მილანში“ გააგრძელა, მაგრამ „რომასგან“ განსხვავებით ლომბარდიის დედაქალაქში ფეხი ვერ მოიკიდა.