როტერდამის „ფეიენოორდის“ კაპიტანმა ორკუნ კოკჩუმ „ალკმაართან“ შეხვედრაში ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაურის მორგებაზე უარი თქვა. თურქმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება რელიგიური მოტივებით ახსნა.
კოკჩუმ „ალკმაართან“ შეხვედრაში კაპიტნობა ავსტრიელ მცველ გერნოტ ტრაუნერს დაუთმო.
„გადავწყვიტე, რომ ეს სამკლაური არ გამეკეთებინა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პატივს ვცემ ყველას განურჩევლად რელიგიისა და წარმომავლობისა. მე მჯერა, რომ ყველა თავისუფალია და შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს და რასაც გრძნობს. სრულად მესმის ამ მოქმედების მნიშვნელობა, მაგრამ რელიგიური მრწამსის გამო მე არ ვარ შესაფერისი ადამიანი მის მხარდასაჭერად. ამიტომ, ამ სამკლაურში თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია, მაგრამ ეს არ იყო ჩემი განზრახვა. იმედი მაქვს, რომ რელიგიური მიზეზების გამო ჩემს არჩევანს პატივისცემით მოეკიდებით“, - თქვა კოკჩუმ.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელის ამ განმარტებასაც პოლემიკა მოჰყვა. „ფეიენოორდის“ კაპიტანს შეახსენეს, რომ ის თამაშობს მაისურით, რომელსაც აზარტული თამაშების რეკლამა ამშვენებს, ისლამი კი აზარტულ თამაშებსაც კრძალავს.