ავტოსპორტი

0:08 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ალპინი“ მომავალი სეზონისთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი

იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს და კომპანია „რენოსგანაც“ მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი, „ალპინი“ ლიდერთა შორის დაბრუნებას აქამდე ამაოდ ცდილობს. ფრანგული გუნდი მიმდინარე სეზონში მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. ის მესამეზე მყოფი „მერსედსისგან“ შორსაა, თავად კი „მაკლარენზე“ წინ არის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, „ალპინის“ ხელმძღვანელი ალან პერმეინი მომავალი სეზონისთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ ახალი მანქანა ლიდერთა შორის დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.

„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ახალი მანქანა წლევანდელთან შედარებით, გაცილებით სწრაფი იქნება. ამ სეზონში, მანქანის საიმედობასთან დაკავშირებით, პრობლემები გვქონდა. მაგრამ ეს არის იმ ცვლილებათა შედეგი, რაც განვახორციელეთ. კერძოდ, მნიშვნელოვნად გადავაკეთეთ ძალური დანადგარი და გადაცემათა კოლოფი. ჩვენ სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ პრობლემები გვექნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით“, - ყვება პერმეინი და დასძენს:

„ჩვენთვის მთავარი იყო, რომ საჭირო სიჩქარისთვის მიგვეღწია. და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენი აეროდინამიკური მილი. გვყავს ახალი თანამშრომლები, რომლებიც ბოლო წლებში ავიყვანეთ და ისინი კარგად მუშაობენ. სინგაპურში ბოლო განახლება გვქონდა, რამაც იმაზე ორჯერ უკეთესი შედეგი მოგვცა, რასაც ველოდით“.

0.115627