ავტოსპორტი

23:05 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერის მანქანაზე გაუმჯობესებულ ძრავს დააყენებენ

ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტის“ იტალიური რედაქციის ინფორმაციით, „ფერარი“ ამერიკის დიდი პრიზის წინ, შარლ ლეკლერის მანქანაზე შიდაწვის ძრავს გამოცვლის. ეს მონაკოელი პილოტის მანქანაზე მეექვსე ძრავი იქნება. და ამისთვის ის სტარტზე ხუთ პოზიციას დაკარგავს.

ძრავის შეცვლის მიზეზი ისაა, რომ ახალი აგრეგატი არის ძველის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომლის გამოყენებასაც იტალიური გუნდი მომავალ სეზონში გეგმავს. ამგვარად, ბოლო რბოლებში ამ ძრავს ტესტირება ჩაუტარდება.

ცნობილია, რომ ახლანდელი ძრავების გაუმჯობესება 2026 წლამდე აკრძალულია. მაგრამ არსებობს გამონაკლისი, რომელიც მარანელოელებს მცირე მოდიფიცირების უფლებას აძლევს. ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც მიზანი აგრეგატის გამძლეობის გაუმჯობესებაა. და ეს პროცესი FIA-ს მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.

სწორედ რეგლამენტის ამ გამონკლისის გამო, „ფერარიმ“ გადაწყვიტა, რომ თავიდანვე მაქსიმალურად გაძლიერებული ძრავით ეასპარეზა და მისი გამძლეობის გაუმჯობესებაზე შემდეგ ეზრუნა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ იტალიური გუნდის ძრავები გამძლეობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, მარანელოელებმა FIA-სგან მისი მოდიფიცირების უფლება მიიღეს.

„ფერარიმ“ სიმძლავრის გაზრდას, საწვავის შეფრქვევის და ანთების ახალი სისტემების დახმარებით მიაღწია. ამით შესაძლებელი გახდა წვის პროცესის ეფექტურობის გაზრდა. მაგრამ იმავდროულად, გარკვეულ დეტალებზე დატვირთვა გაიზარდა. ამის გამო, ინჟინრებმა სიმძლავრე დროებით შეზღუდეს, რათა ზღვრულ რეჟიმში მუშაობისას, ცვეთა არ გაზრდილიყო.

ახლა კი, როდესაც აღნიშნული დეტალები გაუმჯობესდება (ისინი სხვა მასალისგან დამზადდება, მათი კონსტრუქცია კი არ შეიცვლება), სიმძლავრის შეზღუდვა საჭირო აღარ იქნება. სწორედ ასეთ ძრავს დაუყენებენ ლეკლერს.

0.065813