ფეხბურთი

0:25 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ შეცდომები მისი ნაწილია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „სევილიასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფრე სამართლიანი შედეგი იყო, რადგან მისმა გუნდმა მეორე ტაიმში შიშით ითამაშა. გატუზო არ ბრაზობს ხოსე გაიაზე, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და მოკლე კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.

„ფრე სამართლიანი შედეგია, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კარგი „სევილია“ იყო, ძალიან გვეშინოდა. მერე პენალტიც გავაფუჭეთ, მაგრამ ეს არაფერია, პენალტები მარადონასაც აქვს გაცუდებული და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებსაც. არ ვფიქრობ, რომ ფიზიკური პრობლემა გვაქვს, უბრალოდ ვერ ვაკონტროლებთ თამაშს, როცა მისი კონტროლი საჭიროა. ლა ლიგაში გასვლაზე თამაში ძალიან რთულია, რადგან გულშემატკივრებისგან დიდი ზეწოლაა, „სევილიაც“ მაღალი კლასის გუნდია.

მამარდაშვილის ბოდიშზე ჩემმა რეაქციამ შედეგი გამოიღო? მეც ასე ვფიქრობ. დღეს პენალტი გაიამ ვერ გაიტანა, წინა შეხვედრაში მამარდაშვილს ჰქონდა ხარვეზი, მაგრამ ეს ფეხბურთის კომპონენტია. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ შეცდომები ამ თამაშის ნაწილია“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა, „ვალენსიას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე) და 15 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, „მალიორკას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

0.115436