ფეხბურთი

16:33 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ერთი შეცდომა ვერ ფარავს იმ ფაქტს, რომ მამარდაშვილი სეზონის სტარტზე საუკეთესოა"

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსია“ დღეს „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება და ამ თამაშის წინ გიორგი მამარდაშვილი ესპანური მედიის ყურადღების ქვეშაა.

საქმე ისაა, რომ 13 თვის წინ სწორედ „სევილიასთან“ საგარეო მატჩში (1:3) გიორგიმ „ვალენსიაში“ ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, რის შედეგადაც 5 თვით ძირითადში ადგილიც დაკარგა, რომელიც მხოლოდ თებერვალში დაიბრუნა. Superdeporte-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც „სევილიასთან“ თამაშის გარდა, ჯენარო გატუზოს კომენტარსაც ეხება.

„გიორგი მამარდაშვილმა „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ ჯენარო გატუზოს ბოდიში მოუხადა, რამაც იტალიელი მწვრთნელი გააბრაზა და ეს თავად დაადასტურა. გატუზომ თქვა, რომ მან გუნდი სხვა მატჩებში ბევრჯერ გადაარჩინა და საბოდიშო არაფერი გაუკეთებია. ფეხბურთში შეცდომები ხდება, განსაკუთრებით 21-22 წლის ასაკში. გატუზოსგან მამარდაშვილს სრული ნდობა აქვს. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ დაკარგა, როცა მისი დონისთვის შეუსაბამო ორი შეცდომა დაუშვა. მაშინ იასპერ სილესენი უკვე გამოჯანმრთელებული იყო და ნიდერლანდელი მეკარე ძირითადში დაბრუნდა. ახლა სცენარი სულ სხვაგვარია: მამარდაშვილი მთავარი მეკარეა წინა შეცდომის მიუხედავად, ის გრძნობს მწვრთნელის სითბოსა და მხარდაჭერას, რომელიც ძალიან კმაყოფილია ქართველის თამაშით. ახალგაზრდა ვალენსიელმა მეკარემ კარგად იცის, რომ დროა თავისი ხასიათი და საიმედოობა გამოავლინოს, რამაც ის გასული სეზონის ბოლოს ძირითადი შემადგენლობის წევრად აქცია და ამ სეზონის სტარტზეც ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. „ელჩესთან“ შეცდომა ვერ აფერხებს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონში ვალენსიელთა მეკარემ საკვანძო მომენტებში გადამწყვეტი სეივები შეასრულა. მაგალითად, „სელტასთან“ „ვალენსია“ მის გარეშე ვერ მოიგებდა“, - წერს Superdeporte.

გიორგის სევილიაში დაბრუნებას სტატია მიუძღვა Marca-მაც. ცნობილი მადრიდული გამოცემა ქართველ მეკარეზე წერს:

„იმ დღეს, სევილიაში ბევრმა ფეხბურთელმა ცუდად ითამაშა, „ვალენსიამ“ 22 წუთში 3 გოლი გაუშვა, მაგრამ აშკარა მსხვერპლი გიორგი მამარდაშვილი იყო. მან სამი გოლი გაუშვა, განსაკუთრებული ბრალეულობით მეორე, როცა ტონი ლატოს რიკოშეტმაც იქონია გავლენა. „სასაცილო გოლი იყო“ - თქვა მაშინ ბორდალასმა. მას საჯაროდ არ მიუთითებია მეკარის შეცდომაზე, მაგრამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მისი მინიშნებები აშკარა იყო: „გაუგებარი, ბავშვური შეცდომები დავუშვით, რომლებიც პროფესიონალურ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობდა მაშინ ბორდალასი.

გასული სეზონის სტარტზე მამარდაშვილმა ისარგებლა შანსით, როცა სილესენსა და ხაუმეს ტრავმები ჰქონდათ და ბორდალასი დაარწმუნა, მაგრამ „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ ნიდერლანდელი ძირითადში დაბრუნდა, რადგან ის უკვე გამოჯანმრთელებული იყო და 6 მატჩის შემდეგ ქართველმა თადარიგში გადაინაცვლა. 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ ლა ლიგაში სილესენი თამაშობდა, თასზე - ხაუმე. ამ მომენტიდან სამ თვეში „ვალენსიამ“ მამარდაშვილი გამოისყიდა, ხოლო როდესაც სეზონის გადამწყვეტი მონაკვეთი დადგა, სამეფო თასზე „ბილბაოსთან“ ნახევარფინალამდე ბორდალასმა ქართველი ძირითადში დააბრუნა, ჯერ ლა ლიგაში ათამაშა, სანამ „სან მამესზე“ ნახევარფინალი გაიმართებოდა. შედეგად, გიორგი სეზონის ბოლომდე ძირითადში იყო, ერთი თვის წინ კი „ვალენსიამ“ მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონ ევრომდე გაზარდა“, - წერია Marca-ს სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 9 მატჩში 10 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ორჯერ მოახერხა. „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.103908