ფეხბურთი

10:25 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კვარაცხელიას პასები რენესანსის ფრესკებს ჰგავს"

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ზოგადად შესანიშნავად ითამაშა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ იტალიური მედიის დიდმა ნაწილმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი მიიჩნია.

Eurosport 8 ქულა: „დამანგრეველი! დრიბლინგები და პასები, პრაქტიკულად შეუჩერებელი. ქართველი ადასტურებს, რომ „ნაპოლის“ გარდამტეხი მოთამაშეა, გზამკვლევი, რომელსაც შეუძლია კამპანიელთა გულშემატკივრებს ოცნების საშუალება მისცეს“.

Corriere Della Seria 7.5 ქულა: „ის არის, ყოველთვის ის არის „ნაპოლის“ ყველა შეტევაში. შეუჩერებელი ფლანგზე და გადამწყვეტი პასებში. გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ „ნაპოლის“ სამივე გოლში მისი დიდი წვლილია“.

Tuttonapoli 7.5 ქულა: „ბურთის ყოველ შეხებაზე გიყვარდება. ყოველთვის ახერხებს გამოსავლის პოვნას და ბურთის შენარჩუნებას. ოსიმენის გოლის დროს პასამდე დაინახა დერეფანი, რომელიც თითქოს არ ჩანდა, მაგრამ მან, როგორც კომპიუტერმა წინასწარ განჭვრიტა“.

Calciomercato 7: „თავიდანვე „ბოლონიას“ დაცვისთვის მთავარი საფრთხე იყო. ოსიმენზე საგოლე პასი უბრალოდ სიამოვნებაა“.

Corriere Dello Sport 7.5 ქულა: „ხატავს პასებს, რომლებიც რენესანსის ფრესკებს ჰგავს. მეოცე წუთზე დაინახა დერეფანი და რასპადორის გაუკეთა პასი, ცოტა ხნის შემდეგ პოლიტანოს ისეთი ბურთი გადააწოდა, რომელიც იტალიელს უბრალოდ მხოლოდ კარში უნდა გადაეგზავნა. მეტოქეებს მარტივად ატყუებს, ლოზანოს გოლიც მისი გენიალური შემოქმედების დამსახურებაა და ოსიმენიც გოლიც აშკარად მისია“.

Calcionapoli1926 7 ქულა: „მთელი მატჩი ფენომენალურად ითამაშა, პირველ ტაიმში მეტოქის მცველებს ხშირად ატყუებდა, მეორე ტაიმში გადამწყვეტი იყო და ოსიმენის გოლზე საგოლე პასი გააკეთა“.

Sportmediaset 7.5 ქულა: „ეს უკვე სიახლე აღარ არის, მაგრამ აგრძელებს მაინც ჩვენს გაოცებას სიმარტივით, რომლითაც თამაშების ბედს წყვეტს. დღის მარგალიტი ოსიმენზე საგოლე პასია, მაგრამ მანამდეც „ნაპოლის“ ყველა სახიფათო შეტევაში მონაწილეობდა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.110732