ფეხბურთი

3:24 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ლოჩოშვილის და ჩაკვეტაძის საგოლე პასები, კიტეიშვილის - გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასის გარდა, კვირას სხვა ქართველმა ლეგიონერებმაც შეძლეს თავის ასე თუ ისე გამოჩენა.

მაგალითად, სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილმაც საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა მცველმა „სპეციასთან“ საგარეო შეხვედრაში მეორე წუთზევე შეძლო საგოლე გადაცემის გაკეთება და გოლი სირილ დესერსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილი გოლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ დესერსმა კარის ხაზიდან გაიტანა და საბოლოოდ, ქართველს საგოლე პასი ჩაეწერა. ლუკა მოედანზე 78-ე წუთამდე იყო, რადგან ბურთი თავში ძლიერად მოხვდა და მოედანი დატოვა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. „კრემონეზე“ ფრეს დასჯერდა (2:2) და სერია A-ში ისევ მოგების გარეშეა (4 ფრე, 6 წაგება).

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში გრაცის „შტურმმა“ „ვოლფსბერგერი“ 3:2 დაამარცხა და ოთარ კიტეიშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 46-ე წუთიდან ითამაშა და თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა, როცა იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).

მორიგი საგოლე პასი მიითვალა გიორგი ჩაკვეტაძემ - სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „სლოვანმა“ „მიხალოვცე“ 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე იურაი კუცკამ ჩაკვეტაძის პასით გააკეთა. ეს გიორგის მეოთხე საგოლე გადაცემაა ბოლო სამ მატჩში. ის მოედანზე 85-ე წუთამდე იყო, შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო გურამ კაშია მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოჩნდა მოედანზე.

0.122558