იტალიური სერია A-ს მე-10 ტურში, „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა, 3:2 დაამარცხა და ერთი დღის წინათ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. ახლა ნეაპოლელებს ყველა ტურნირში 18-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამჯერად მინდორზე 90 წუთს დაჰყო და როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მინდორზე. პირველ ტაიმში მან შესანიშნავი პასებით ორჯერ საგოლე პოზიციებზე გაიყვანა ჯერ მარიუ რუი, შემდეგ მატეო პოლიტანო. მაგრამ პარტნიორებმა ვერ ივარგეს.
მეორე ტაიმში კვარამ „ნაპოლის“ ორ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. მეორე გოლისას მარცხენა ფრთაზე კომბინაცია სწორედ ქართველმა დაიწყო და მექსიკელმა ირვინგ ლოსანომ დაასრულა. მესამე გოლისას კი ნიგერიელმა ვიკტორ ოსიმენმა კავარცხელიას პასით გაიტანა. ეს ხვიჩას მესამე საგოლე გადაცემა გახლდათ სერია A-ში.
Flashscore-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. whoscored.com-მა კი გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება - 9,0 დაუწერა, რაც ასევე საუკეთესოობას ნიშნავს.