ფეხბურთი

1:10 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა, "იუვემ" ტურინული დერბის მოგებით სუნთქვა დაიწყო

იტალიის სერია A-ს ახალი ლიდერი ჰყავს - „ატალანტა“. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ეს სეზონი მაგრად დაიწყო და მეათე ტურში „სასუოლოც“ დაამარცხა. არადა, ბერგამოელებმა პირველებმა გაუშვეს, თუმცა მერე ვითარების სასიკეთოდ შეცვლა მოახერხეს. ანგარიში 41-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რასაც 4 წუთში მარიო პაშალიჩმა უპასუხა და ტაიმიც 1:1 დასრულდა. მეორე ნახევრის პირველივე წუთზე კი ადემოლა ლუქმანმა მასპინძლები წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. „ატალანტამ“ 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, მინიმუმ მანამდე, სანამ „ნაპოლი“ მეათე ტურის შეხვედრას ჩაატარებს.

სანამ „ატალანტა“ დროებით მაინც გალიდერდებოდა, ღრმა კრიზისში მყოფმა „იუვენტუსმა“ სტუმრად, დერბი დელა მოლე მოიგო და ვინძლო ეს გარდამტეხი გამოდგეს. „იუვემ“ „ტორინოს“ მძიმე ბრძოლაში, თუმცაღა დამსახურებულად აჯობა, რადგან უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაშინ, როცა თავს ძალიან კარგად იცავდა. ტურინული დერბის ბედი კი დუშან ვლაჰოვიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა „ხარების“ კარი და თავის გუნდს მართლაც, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„იუვენტუსმა“ 16 ქულა დააგროვა და ჯერ ძალიან ჩამორჩება ლიდერებს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ახლა ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე სატურნირო ცხრილია.

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვლაჰოვიჩი (74)

„ატალანტა“ – „სასუოლო“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კირიაკოპულოსი (41), 1:1 პაშალიჩი (45), 2:1 ლუქმანი (46)

„ემპოლი“ – „მონცა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჰაასი (11)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13268