ფეხბურთი

18:45 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "პენალტების შემსრულებელს თამაშის წინ ვარჩევ, "აიაქსთან" კვარაცხელიას დავავალე"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, „აიაქსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასთვის პენალტის შესრულება არავის დაუთმია - მატჩამდე ქართველს დაავალა თერთმეტმეტრიანის დარტყმა, თუ მისი შესრულების უფლებას მიიღებდნენ.

„როგორც ადრე ვთქვი, პენალტის შემსრულებელს თამაშის წინ იმის მიხედვით ვარჩევ, ვინ არის მოედანზე. „აიაქსთან“ თამაშის წინ პენალტის დამრტყმელად კვარა მივუთითე. ოსიმენი ალბათ იმიტომ მივიდა მასთან, რომ ჰკითხა, თუ იყო მზად დასარტყმელად და გუნდებში ასე ხდება. ოსიმენმა გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და ვკითხე, ეს რატომ გააკეთა, მაგრამ ვერ მიპასუხა. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები ამიერიდან იმავეს აღარ გააკეთებენ, ვნახოთ.

ჩემი საქმე ისაა, რომ გავახარო ხალხი, ვისაც „ნაპოლი“ უყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ასეა, რადგან სეზონის წინ ჩემი ოცნება იყო სავსე და გახარებული „სტადიო მარადონა“ მენახა. თუმცა, ახლა ყველას გვესმის, რომ მოლოდინი მაღალია. უკეთ თამაში შეგვიძლია, ეს ყოველთვის შესაძლებელია. დიდებული შედეგები გვაქვს, მაგრამ სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, ბევრი გუნდი ახლოსაა, ამიტომ, უკეთ თამაში გვმართებს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.114526