ფეხბურთი

20:10 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato: "ლეაო თუ 150 მილიონი ევრო ღირს, რა ღირს კვარაცხელია?"

„რაფაელ ლეაო 150 მილიონი ევრო თუ ღირს, რა ღირს ხვიჩა კვარაცხელია?“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია იტალიურმა ვებგვერდმა Calciomercato-მ, რომლის ავტორი ჯოვანი ანუნციატაა.

ის ქართველი ფეხბურთელის საოცარ გავლენაზე წერს, რომელიც მან სერია A-ზე მოახდინა. იქვე ლეაოსთან შედარება მოჰყავს, რომელიც იტალიაში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს. სტატია ასეთია:

„ნეაპოლში კვარა-მანიაა. ქართველმა გუნდი ოფიციალურად მოიკიდა მხრებზე, ახლა ამის დამალვა საჭირო აღარ არის, რადგან თამაშიდან თამაშამდე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იყო ფურცელზე იოლი მატჩებიც, მაგრამ კვარამ დიდ გუნდებთანაც მოახდინა გავლენა. გუშინ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა და მთავარი გმირი სწორედ „დინამო ბათუმის“ ყოფილი ფეხბურთელი იყო, რომელმაც სიტყვასიტყვით გააგიჟა სანჩესი ფლანგზე თავისი მოქმედებებით, დრიბლინგებით, ფეხებშორის გაძვრენილი ბურთებით, საგოლე პასით და გოლით.

სწორედ პენალტის ეპიზოდიდან უნდა დავიწყოთ, რადგან მასში ამ გუნდის მთელი ხარისხი და ჰარმონია ვლინდება: ტრავმიდან დაბრუნებულ ვიქტორ ოსიმენს ძალიან სურდა გოლის გატანა და შეეძლო პენალტის დარტყმა, სამაგიეროდ, ნიგერიელის ჟესტი სასიამოვნო იყო, რადგან პენალტის დარტყმა კვარაცხელიას დაუთმო. ბურთი მიაწოდა და შემდეგ ყველამ ერთად გოლი იზეიმეს. ეს ნიშნავს, რომ გუნდი ერთი მიზნისკენაა გაერთიანებული.

კვარამ ლორენცო ინსინიე შეცვალა და სწრაფად მოახერხა ამ გვერდის გადაშლა, ძველი კაპიტნის არყოფნა აღარ იგრძნობა. ქართველის ზრდა მუდმივია, თამაშიდან თამაშამდე ახალ თავდაჯერებას იძენს. ამ გზაზე გადამწყვეტი იყო სპალეტი, რომელიც თავიდან ცდილობდა ფეხბურთელისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებინა, რათა ზედმეტი ზეწოლა მისთვის აეცილებინა.

სერია A-ს ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს შორის აშკარად რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია არიან. „მილანისა“ და „ნაპოლის“ ორი მთავარი კაცი, თან ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ. აქედან გამომდინარე შედარება გარდაუვალია. სტატისტიკით კვარა პორტუგალიელს ოდნავ უსწრებს: 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი ხვიჩას, 4 გოლი, 6 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი - მეორეს. ქართველი ლეაოზე ორი წლით პატარაა და იტალიაში ჯერ კიდევ პირველ სეზონს ატარებს. მან დამანგრეველი ეფექტი მოახდინა, რომელიც აშკარად არ ჰქონია ლეაოს სერია A-ში თავის პირველ სეზონში. ჩნდება კითხვა: ლეაო თუ 150 მილიონი ევრო ღირს, რა ღირს ახლა კვარაცხელია? დღეს „მილანს“ შეუძლია კაპიტალის დიდი მოგება მიიღოს, იმიტომ, რომ 2018 წელს ლეაოში „ლილს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კვარაცხელია „ნაპოლის“ სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაუჯდა რამდენიმე თვის წინ და დღეს 5-6-ჯერ ძვირი მაინც ღირს. ლეაოს შემთხვევაში ტოპკლუბებისგან სირენების ხმა უკვე გაისმა, ეს კვარასთან მიმართებაშიც მალე მოხდება, რომელიც იტალიური და ევროპული ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი ხდება“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.101399