ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის „აიაქსთან“ (4:2) ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს გოლით და საგოლე პასით დაეხმარა. გარდა ამისა, არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ დღეს იტალიური მედიის მთავარი სასაუბრო თემა ქართველი ფეხბურთელია.
კვარაცხელიაზე აზრს ყველა სპორტულ გადაცემაში აფიქსირებენ. ამჯერად 21 წლის ფეხბურთელზე იტალიელმა ჟურნალისტმა ისაუბრეს და ქება არ დაიშურეს.
ფრანჩესკო მოდუნიო (ჟურნალისტი): „მოედნის კიდიდან ვინ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება? ყველაზე მეტად შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ხუთი ნიდერლანდელი მეტოქე ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას. ეს სცენა მოგაგონებდათ დიეგო მარადონას თამაშს ბელგიის წინააღმდეგ. არ არსებობდა განაპირა და ცენტრალური მცველი თუ ნახევარმცველი, რომელიც მას შეაჩერებდა. ქართველი შეუჩერებელი იყო“.
პაოლო დე პაოლა (ჟურნალისტი): „რა ღირს კვარაცხელია? 6-7-ჯერ მეტი, ვიდრე მასში გადაიხადეს. მინიმუმ 65-70 მილიონი ევრო ღირს. მას ყველაფერი აქვს: ფიზიკა, ორივე ფეხით დარტყმა, მონსტრია. დააკვირდით სპალეტის: მას ლაგამი უჭირავს და ხელს არასდროს უშვებს“.
რიკარდო კუკი (ჟურნალისტი): „ნაპოლიმ“ დიდებული ფეხბურთელი დაიმატა, ამას ყველა ვხედავთ. დიდი ხანია აღფრთოვანებული ვიყავი ისეთი ფეხბურთელით, რომელსაც შეუძლია ორმაგი მეურვეობის გადალახვა, საჯარიმოში შესვლა და დარტყმა. ის უბრალოდ შეუჩერებელია და ყველას აიძულებს, ვინც მის შეჩერებას შეეცდება, თამაშის წესი დაარღვიოს. არ მიყვარს შედარებების გაკეთება, მაგრამ 70-იანი წლების უდიდეს ტალანტს მაგონებს, კერძოდ ანჯელო დომენგინის. დრიბლიორს, რომელიც „კალიარიმ“ მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ ჯიჯი რივასთვის გოლების გატანა გაემარტივებინა. ასეთი აღტაცება საშიშია? არ მგონია, მის გარშემო სწორი ატმოსფეროა“.
პაოლო პეკიონი (ჟურნალისტი): „რა ღირს კვარაცხელია? ამჟამად არაფერი, ის უბრალოდ არ უნდა იყიდებოდეს და უნდა იყოს ადამიანი, რომლის გარშემოც „ნაპოლის“ ეს ახალი პროექტი აშენდება“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.