ფეხბურთი

16:16 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი კომენტატორი: "კვარაცხელია არანორმალური ფეხბურთელია, მასზე საუბრისას თავს ვერ ვიკავებ"

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯორჯ ბესტს აგონებს.

რეპიჩე რადიო Rai-ზე მუშაობს და მატჩების რადიორეპორტაჟები მიჰყავს, მათ შორის, წაიყვანა „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა, რომლის დროსაც კვარაცხელიაზე განსაკუთრებით დადებითად საუბრობდა და არაერთი ეპითეტით შეამკო. დღეს კი მან ვიდეოში ქართველზე ისევ ისაუბრა.

„ვიცი, რომ ალბათ გუშინ „მარადონაზე“ გამართული მატჩის რადიოკომენტარისას ვაჭარბებდი, მაგრამ ეს გულიდან ამოსული სიტყვები იყო, თავი ვერ შევიკავე. ბოდიშს ვუხდი თუ ვინმე არ მეთანხმება, ან ფიქრობს, რომ ვაჭარბებდი, მაგრამ გუშინდელ თამაშს რომ ვუბრუნდები, ვხედავ ბიჭს 77 ნომრით, ჩამოწეული გეტრებით, ცოტათი მსგავსი ვარცხნილობით და კიდევ უფრო მახსენდება ბელფასტელი ბიჭი (ჯორჯ ბესტი - რედ). ვერაფერს ვიზამ, ჩემთვის კვარაცხელია არანორმალური მოთამაშეა, სულ სხვა რამეა“, - თქვა რეპიჩემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.116369