ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველად დაარტყა პენალტი (ოფიციალურ მატჩში) და შესანიშნავადაც - „აიაქსის“ მეკარე რემკო პასვეერმა კუთხე გამოიცნო, მაგრამ უშანსოდ იყო.
ნეაპოლური ვებგვერდი Areanapoli წერს, რომ ამიერიდან ეჭვი აღარ არსებობს, ვინ უნდა იყოს „ნაპოლის“ ახალი შტატიანი პენალტისტი:
„დღეიდან „ნაპოლის“ სხვა არჩევანი არ აქვს, აღარ არსებობს ეჭვები ვინ უნდა იყოს ნეაპოლიტანური გუნდის ოფიციალური და ახალი პენალტისტი. ინსინიესა და მერტენსის წასვლის შემდეგ, რომლებიც ბევრ პენალტს ასრულებდნენ, ბევრს, მათ შორის სპალეტის გაუჩნდა ეჭვები ვის უნდა შეესრულებინა პენალტები. სეზონის დასაწყისში ყველაზე მეტჯერ ეს მატეო პოლიტანომ გააკეთა, ასევე პიოტრ ზელინსკიმ, რომელმაც ბევრიც გააფუჭა. თუმცა ამ საღამოდან „ნაპოლის“ შეიძლება ახალი და შეუცვლელი პენალტისტი ჰყავდეს.
ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული პენალტი სრულყოფილი იყო. მიუხედავად ირგვლივ შექმნილი ქაოსისა, აიღო ბურთი, რომელიც ოსიმენმა „აჩუქა“ და ძალიან ცივი გონებით, ზღაპრულად, ნახევარ სიმაღლესა და ძალიან ძლიერად დაარტყა. ამიტომ, მიზანშეწონილი იქნება კვარაცხელია ამიერიდან უცვლელი პენალტისტი იყოს. „აიაქსთან“ თერთმეტმეტრიანი ადასტურებს, რომ ეს კარგი არჩევანი იქნება“, - წერს საიტი.
შეგახსენებთ, ოფიციალურ მატჩებში ეს კვარაცხელიას პირველი პენალტი იყო „ნაპოლის“ რიგებში, თუმცა, ერთი თერთმეტმეტრიანი მან პრესეზონზეც შეასრულა. საქართველოს ნაკრებში ხვიჩას ორიდან ორი პენალტი აქვს გატანილი.