ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში ძალიან მაღალი ქულებით შეაფასა და საუკეთესოდაც დაასახელეს.
Calcionapoli 1926 8 ქულა: „უკვე თითქმის სიტყვების გარეშე ვართ. ჩემპიონური მოქმედებები, წარმოუდგენელი საგოლე პასი, გატანილი პენალტი, ძლიერი და მშვიდი დარტყმით. ჯუნტოლიმ 10 მილიონად ჩემპიონი იყიდა, რომელიც ფეხბურთს ხატავს“.
Corriere Dello Sport 8 ქულა: „კვარაცხელია ნიდერლანდელთა დაცვას არღვევს და სანახაობრივი შეტევის შემდეგ რასპადორის საგოლე პასს უკეთებს. ქართველი ვიწრო ზონებშიც აჩვენებს, რომ ბრძოლისუნარიანია. ხანდახან ცდება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავი ჩაღუნოს, ბურთის დასაბრუნებლად იბრძვის. შემდეგ, 62-ე წუთზე პენალტი გაიტანა“.
Corriere Della Sera 7.5 ქულა: „საინტერესოა იმის გაგება, თუ რამდენი ბრუნი აქვს მის ძრავას. მისთვის ფლანგი ავტომაგისტრალია, რომლის გავლას უმეტეს შემთხვევაში ახერხებს, თუნდაც ორი მეტოქის წინაშე იყოს და თანაგუნდელებსაც სწორად პოულობს“.
Eurosport 7.5 ქულა: „მოედანზე საუკეთესო. პასი, გოლი პენალტით და თამაში, რომელითაც უბრალოდ, საწყალ სანჩესს თავი აატკივა. კიდევ ერთხელ: წარმოუდგენელი ტრანსფერი“.
Calciomercato.it 8 ქულა: „ცდილობენ შეაჩერონ: ერთი, ორი, სამი კაცი მასზე. შეიძლებოდა გოლი გაეტანა, რომელიც „მარადონას“ სტადიონს დაშლიდა, როცა სამმა მეტოქემ ვერ შეაჩერა. ინდივიდუალურად არ აჭარბებდა, იცის, პასი როდის უნდა გააკეთოს, როგორც რასპადორიზე. თამაში პენალტით დახურა. დიდებული თამაში“.
Goal Italia 7.5 ქულა: „ხვიჩა კვარაცხელიამ „სტადიო მარადონას“ ცეცხლი წაუკიდა. ის „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია. მან ნიდერლანდელთა მცველები გააგიჟა. ჯერ პასი რასპადორის, შემდეგ პენალტი, რითაც ანგარიში 3:1 გახადა. ჩვეული ელვა, სიჩქარე და ტექნიკა, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის“.
Sportmediaset 8 ქულა: „საღამოს ვარსკვლავია. შეუდარებელია ბურთით და ღია სივრცეებში. მის ფლანგზე მოსაყოლი არაფერია, ყველას სჯობნის, ვინც ცდილობს მის აჩქარებებს დაუპირისპირდეს. პენალტი ძალიან ცივი გონებით შეასრულა, რამაც შედეგი უსაფრთხო გახადა“.
Calciomercato.com 8 ქულა: „სიახლე თითქმის არაფერია, მისი დრიბლინგები შთამბეჭდავია. ამ საღამოსაც გოლი და საგოლე პასი, სანჩესი ამსტერდამში თავის ტკივილით დაბრუნდება“.
Tuttonapoli 7.5 ქულა: „როგორ შევაჩეროთ? ეს არის კითხვა, რომელიც იტალიასა და ევროპაში მარჯვენა მცველებს აქვთ. რენშმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მაგრამ სანჩესიც იგივე დღეშიც ჩააგდო. დრიბლინგებით მეტოქის დაცვაში პანიკას თესავს, ხშირად ორი მეტოქის წინააღმდეგაა, მაგრამ მაინც ახერხებს თანაგუნდელებისთვის ზუსტი პასების გაკეთებას, როგორც რასპადორის გოლის შემთხვევაში. გუნდს დაცვაშიც დაეხმარა და აპლოდისმენტები დაიმსახურა. მნიშვნელოვანი პენალტიც გაიტანა, რითაც ანგარიში 3:1 გახდა მომენტში, როცა აიაქსი უკეთესი იყო. მოედანი ფეხზე წამომდგარი პუბლიკისა და ტაშის ფონზე დატოვა“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!
„ნაპოლიმ“ A ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 17 გოლი გაიტანა, 12 ქულა აქვს და უკვე გავიდა მერვედფინალში, სადაც შეუერთდა მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“. იტალიური გუნდი მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 26 ოქტომბერს, "რეინჯერსს" უმასპინძლებს.