„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა „ნაპოლისთან“ მატჩის (2:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ საუკეთესო გუნდია, რომელთანაც დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში დაპირისპირება მოუწია.
გარდა ამისა, ამსტერდამელთა თავკაცმა მარჯვენა მცველის, ხორხე სანჩესის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელთანაც მიმართებაში ხვიჩა კვარაცხელია ახსენა.
„პირველ რიგში ვულოცავ „ნაპოლის“, რომელიც მართლაც კარგი გუნდია. პირველ თამაშთან შედარებით კარგი რეაქცია გვქონდა, „აიაქსის“ დონეზე ვითამაშეთ და ერთ-ერთი შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც ამ სეზონში ჩავატარეთ, მაგრამ მათ კარგად ითამაშეს და დიდებული გოლები გაიტანეს. ძალიან ცუდი მეოთხე გოლი გავუშვით, რომლის გაშვება არ შეიძლება, არადა შეგვეძლო ანგარიში 3:3 გაგვეხადა.
გვქონდა კარგი შანსები, მათ ჩვენი ცოტათი ეშინოდათ კიდეც, მაგრამ ოსიმენის გოლზე ბლინდი შეცდა და ეს არ უნდა მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ მენტალური პრობლემა გვაქვს, კარგი მომენტები გვქონდა, გუნდურად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ და უკეთესი „აიაქსი“ ვიყავით.
სანჩესი? მან გაძლო, კარგად ითამაშა და ფიზიკურადაც კარგადაა ტრავმის შემდეგ, უბრალოდ კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში მოუწია. „ნაპოლი“ ფინალში? ჯერ ამის თქმა ნაადრევია, მაგრამ მართლაც შესანიშნავი გუნდია და შესაძლებელია. საუკეთესო გუნდია, რომელთანაც დაპირისპირება ბოლო წლებში მომიწია. დღეს ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელმაც „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა“, - თქვა შრიოდერმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!
„ნაპოლიმ“ A ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 17 გოლი გაიტანა, 12 ქულა აქვს და უკვე გავიდა მერვედფინალში, სადაც შეუერთდა მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“. იტალიური გუნდი მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 26 ოქტომბერს, "რეინჯერსს" უმასპინძლებს.