ფეხბურთი

0:10 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიამ დაცვაში ძალიან კარგად იმუშავა, ბრავო!"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და როგორც თქვა, ძალიან ლამაზი საღამო იყო. იტალიელი სპეციალისტი ყველაფრით კმაყოფილი იყო და ხვიჩა კვარაცხელია დაცვაში შესრულებული სამუშაოს გამო შეაქო.

„ჯგუფიდან დამსახურებულად გავედით, ვამაყობ ჩემი გუნდით და ნეაპოლური პუბლიკით. ეს ემოციური საღამო იყო. თამაში კარგად დავიწეთ, ისე, როგორც მოვამზადეთ. „აიაქსიც“ კარგი იყო, რომელიც თამაშში ყოველთვის რჩებოდა, მაგრამ ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა ჩავატარეთ. ჩემპიონთა ლიგა შეცდომებს არასდროს გპატიობს, ტემპს თუ დააგდებ, დაისჯები და ეს „აიაქსმაც“ გააკეთა, რადგან ხარისხიანი გუნდია.

გამიმართლა, რომ ასეთ გუნდს ვავარჯიშებ. ტექნიკური და პროფესიონალი ბიჭები მყავს. ასე უნდა გავაგრძელოთ, დღეს მთელი გუნდი ტაშს იმსახურებს, მშვენიერი საღამო იყო.

მინდა, დღეს ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ მისდევდა ჩვენს საჯარიმომდე კვარაცხელია მეტოქეებს, ეს მნიშვნელოვანი რამეა, რადგან თუ ყურადღების გაფანტვას დაუშვებ და არ იქნები სტაბილური, მეტოქე დაგსჯის, რადგან ხარისხიანი გუნდია და ეს ვნახეთ. კვარამ დღეს დაცვაში ძალიან კარგად იმუშავა, ბრავო!“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!

„ნაპოლიმ“ A ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 17 გოლი გაიტანა, 12 ქულა აქვს და უკვე გავიდა მერვედფინალში, სადაც შეუერთდა მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“. იტალიური გუნდი მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 26 ოქტომბერს, "რეინჯერსს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119283