„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამსტერდამის „აიაქსთან“ ამჯერადაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა!
ერთი კვირის წინ, როცა ნეაპოლელებმა ამსტერდამში 6:1 იმარჯვეს, ხვიჩამ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და ახლა უკვე „სტადიო მარადონაზეც“ შეძლო იმავეს გაკეთება, ხოლო მისმა გუნდმა 4:2 მოიგო და სეზონში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა!
ლუჩანო სპალეტის გუნდმა ძალიან სწრაფი და ძალიან ლამაზი გოლით დაიწყო. მეოთხე წუთზე პიოტრ ზელინსკისა და ირვინგ ლოზანოს კომბინაცია, მექსიკელის გოლით დასრულდა - 1:1. მე-16 წუთზე, მარცხენა ფლანგზე, კვარაცხელიამ და მატიას ოლივერამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, მერე კვარამ ჯაკომო რასპადორი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და სხვაობა გაზარდა. რასპადორი მესამე იტალიელი ფეხბურთელი გახდა ალესანდრო დელ პიეროსა და ფაბრიციო რავანელის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საწყის სამ თამაშში გოლი გაიტანა. დელ პიერომ და რავანელიმ ეს 1995-1996 წლების სეზონში გააკეთეს, რომელიც სწორედ ტურინული გრანდის ტრიუმფით დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ნიდერლანდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა 62-ე წუთზე კვარაცხელიამ ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა! პენალტი ტანგი ნდომბელემ მოიპოვა და ბურთთან ქართველი მივიდა, პირველად შეასრულა მან პენალტი ნეაპოლურ კარიერაში (ოფიციალურ მატჩში). სხვათა შორის, ხვიჩას ბურთი ვიქტორ ოსიმენმა დაუთმო და ქართველმაც თანაგუნდელები არ დააღალატა, შესანიშნავად დაარტყა, რემკო პასვეერს შანსი არ ჰქონია - 3:1.
სპალეტიმ კვარაცხელია 77-ე წუთზე შეცვალა. ქართველს ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა, გოლისა დ საგოლე პასის გარდა, ძალიან აქტიური იყო და ამსტერდამელი მცველები მას პრაქტიკულად ვერ აჩერებდნენ. თან, 21 წლის შემტევი იტალიურ კლუბს დაცვაშიც ეხმარებოდა და არაერთხელ ითამაშა ნაყოფიერად. რაც შეეხება თამაშს, „ნაპოლიმ“ 4:2 მოიგო - ჯერ სტუმრებმა შეამცირეს სხვაობა, მერე ვიქტორ ოსიმენმა დააფიქსირა საბოლოო შედეგი.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!
„ნაპოლიმ“ A ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 17 გოლი გაიტანა, 12 ქულა აქვს და უკვე გავიდა მერვედფინალში, სადაც შეუერთდა მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“. იტალიური გუნდი მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 26 ოქტომბერს, "რეინჯერსს" უმასპინძლებს.
აქვე ვთქვათ, რომ მერვედფინალში ხსენებული სამი გუნდის გარდა, ბელგიური "ბრიუგეც" გავიდა, რომელიც მადრიდში, "ატლეტიკოს" უგოლოდ დაუზავდა, 10 ქულა აქვს და პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ბელგიურ კლუბს განვლილ ოთხ ტურში გოლიც არ გაუშვია და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.
„ნაპოლი“ – „აიაქსი“ 4:2 (2:0)
გოლები: 1:0 ლოზანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლაასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (84, პენ), 4:2 ოსიმენი (90)
"ატლეტიკო" - "ბრიუგე" 0:0 (0:0)