ფეხბურთი

23:08 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას კარგი მატჩი "მანჩესტერ სიტისთან" და "იუვენტუსის" სრული ფიასკო ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური ორი მატჩით გაიხსნა და ორივე ძალიან საინტერესო გამოდგა.

თავიდან „იუვენტუსის“ მორიგ ფიასკოზე ვთქვათ, რომელმაც ჰაიფაში, „მაკაბისთან“ მოახერხა და უშანსოდ, 0:2 წააგო. პირველივე ტაიმში ისრაელის ჩემპიონმა ტურინელებს ორი გოლი გაუტანა, მერე უკან დაიხია და თავი ისე დაიცვა, რომ მეტოქეს რეალური მომენტების შექმნის შესაძლებლობა თითქმის არ მისცა. „იუვენტუსის“ კოშმარზე მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს: ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საწყის ოთხ მატჩში 3 თამაში ისტორიაში პირველად წააგო! „ბებერ ქალბატონს“ 3 ქულა აქვს, ისევე, როგორც „მაკაბის“ და ტურინელთათვის ევროპა ლიგაზე გადართვაც საეჭვოა, ხოლო მერვედფინალში გასვლაზე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ალბათ, აღარც უნდა იოცნებოს.

მეორე მატჩი G ჯგუფში გაიმართა: დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ქულის მოპოვება მოახერხა - 0:0. დავით ხოჭოლავამ მინდორზე 80 წუთი გაატარა და ძალიან კარგადაც ითამაშა. ქართველ მცველს შეცდომები არ ჰქონია და მეკარის შემდეგ სტატისტიკის ვებგვერდ Whoscored-ისგან ყველაზე კარგი შეფასება დაიმსახურა. მანჩესტერელებმა პენალტი ვერ გაიტანეს პირველ ტაიმში, მერე სერხიო გომესი გაუძევეს და კაცნაკლულმა „სიტიმ“ გოლი ვერ გაიტანა.

თუმცა, ეს „მანჩესტერ სიტისთვის“ დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან, ამისთვის საკმარისია დღეს „სევილიამ“ „დორტმუნდთან“ არ მოიგოს. „კოპენჰაგენს“ 2 ქულა აქვს და ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აქტიურად აგრძელებს.

„კოპენჰაგენი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:0 (0:0)

„მაკაბი“ - იუვენტუსი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ატცილი (7), 2:0 ატცილი (42)

0.132316