„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ექსაგენტმა ენრიკო ფედელემ „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, დღევანდელ „ნაპოლიში“ ერთადერთი შეუცვლელი და გადამწყვეტი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. აღსანიშნავია, რომ სეზონის სტარტზე ფედელე კვარაცხელიასადმი კრიტიკით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო დროს პირიქით - აქებს.
„კრემონეზესთან“ მატჩში ლუჩანო სპალეტი 10-დან 10 ქულით შეფასებას იმსახურებს, მან ყველა ცვლილება გამოიცნო და დიდი დამსახურება ჰქონდა, რომ კვარაცხელია არ შეცვალა. ქართველი ამ გუნდის ერთადერთი შეუცვლელი, გადამწყვეტი ელემენტია. კრემონელებთან ბურთს ხშირად ვერ შეეხო, მაგრამ ის მაინც ყოველთვის გადამწყვეტი მოთამაშეა და ასეთი ფეხბურთელი მოედნიდან არასდროს უნდა გაიყვანო“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტი მოიპოვა და საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 33-ჯერ შეეხო და უფრო ნაკლები შეხება ბურთთან ნეაპოლელთაგან, ვინც ძირითადში იყო, მხოლოდ მეკარე ალექს მერეტს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.