ძიუდო

21:30 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი: "ეს ჩემი კარიერის მთავარი გამარჯვებაა, მაგრამ ყველაფერი წინაა"

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ Eju.net-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განვლილ შეჯიბრზე ისაუბრა, გარდა ამისა, თქვა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს და ოლიმპიური ჩემპიონობა სურს.

„შესაძლოა, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო ნაგასეს „ოქროს არშია“, რადგან ეს მეც მინდა. ზურგზე ოქროსფერ ფონზე სახელის დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ იყო ყველაზე დაძაბული შეხვედრა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფრო მოტივირებული ვიყავი, რადგან ოლიმპიურ ჩემპიონთან დაპირისპირება რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებულია.

ჩემთვის ეს სასწაულია, ჩემი ოცნება იყო მსოფლიოს ჩემპიონობა. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემს კარიერაში, მაგრამ ამით არაფერი სრულდება, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. თუმცა ახლა საუკეთესო დღეა ჩემს კარიერაში, ეს ოქროს მედალი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ტაშკენტში, ჰუმო არენაზე ბევრი ქართველი გულშემარტივარი იყო მხარში მედგნენ, ამიტომ, წაგების უფლება არ მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მათი გახარება შევძელი. ამან მომცა ძალა და მეტი თავდაჯერებულობა, ეს ჩემი შანსი იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი.

მატიას კასე ამ წონაში საუკეთესო, უმაღლესის კლასის ძიუდოისტია. ის ტაქტიკურად ძლიერი და ძალიან ჭკვიანია, ხუთჯერ შევხვდით ერთმანეთს და სამწუხაროდ, ბოლო ოლიმპიადასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მასთან წავაგე, მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ვაჯობე და ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის. ძალიან კარგად მოვემზადე ამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, საკუთარ თავსაც ვაჯობე, ყველა ძიუდოისტს და ბოლოს, საუკეთესოს, მატიას კასეს.

ქართული სული, ქართული ვნებაა ამ გამარჯვების მიზეზი. ჩვენ ჩვენი ერის მებრძოლები ვართ და ეს გამარჯვება გულიდან მოდის“, - თქვა გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონია (ლაშა შავდათუაშვილის, ლუხუმ ჩხვიმიანის, ირაკლი ცირეკიძის, გურამ თუშიშვილისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ). გრიგალაშვილმა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა და ევროპისაც. ზოგადად, 22 წლის ასაკში უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალსაც ფლობს.

0.120595