ძიუდო

16:40 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობდა, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლაშა ბექაურმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონელი კოსუკე მაშიამა იპონით, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 23 წამში ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ დავლატ ბობონოვს შეხვდა, მაგრამ წააგო, რადგან მსაჯებმა თავის გამოყენება დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს. ბექაური ბრინჯაოსთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდა და წუთსა და 6 წამში იპონით იმარჯვა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ლაშასთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ბრინჯაოს მედალია.

ლუკა მაისურაძემ, რომელიც თავის მხრივ, ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ლიბანელი კარამნობ სიგაიპოვი, მონღოლი ალტანბაგანა განტლუგა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ტრისტან მოსახლიშვილი იპონებით დაამარცხა და ნახევარფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამზე იპონით დამარცხდა. ლუკას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელი ივან ფელპე სილვა მორალესი იყო, რომელსაც დამატებით დროში აჯობა და მედალი მოიპოვა. მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა - 2019 წელსაც ბრინჯაოს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით სამი მედალი მოიპოვა. მაისურაძისა და ბექაურის ბრინჯაობამდე ერთი ოქრო გვქონდა, რომელიც ტატო გრიგალაშვილის (81 კგ) აქტივშია. მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). 11 ოქტომბერს, ტატამიზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.

0.13957