ფეხბურთი

2:00 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ლოჩოშვილმა ტაქტიკური ინტელექტი აჩვენა, კვარასავით თამაში კი ყველას სურს"

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა და იტალიური მედიისგან კარგი შეფასებებიც მიიღო.

Sportmediaset 6.5 ქულა: „ჩვეულებრივზე ნაკლებად მოციმციმე და ცოცხალი, მაგრამ ყოველთვის გადამწყვეტი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მარჯვნივ გადავიდა, რომ თავისი თამაში ეპოვა. პენალტი ჭკვიანურად მოიპოვა, რამაც თამაში გახსნა და ლოზანოს პასი გაუკეთა“.

Tuttonapoli 7.5 ქულა: „ყოველთვის კაცი დასდევდა, ხშირად მარჯვნივ გადადის და სწორედ იქ, პენალტი ეშმაკებით მოიპოვა“.

Eurosport 7.5 ქულა: „გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა. პენალტი მოიპოვა და ლოზანოს საგოლე პასი გაუკეთა“.

Tuttomercato 7 ქულა: „მხოლოდ ერთი გამწვავება პირველ ტაიმში, მაგრამ ესეც საკმარისია ანგარიშის გასახსნელად, თუნდაც მცირე ეშმაკობით. ბოლოს მესამე გოლზე საგოლე პასი გააკეთა და გუნდი დაამშვიდა. ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, მაგრამ ყველას სურს ასეთი თამაში“.

მიუხედავად იმისა, რომ „კრემონეზემ“ წააგო და 4 გოლი გაუშვა, ლუკა ლოჩოშვილი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იტალიურმა გამოცემებმაც კრემონელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ლუკას დაუწერეს.

La Repubblica 6 ქულა: „თითქმის ყველა ზონა დახურული ჰქონდა, სანამ თამაშის ბოლოს გუნდი საბოლოოდ გატყდებოდა“.

Cuoregrigiorosso 6 ქულა: „დასაწყისი შოკური იყო, როცა რაჰმანიმ მოატყუა და მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. შემდეგ მან სწრაფად მოახერხა მობილიზება და ფიზიკური ძალით თავის ზონაში ყველას წინააღმდეგ თამაშობდა. ბურთის ფლობის დროს რამდენიმე შეცდომა უნდა ვაპატიოთ“.

Calciocremonese 6 ქულა: „კარგი შეხვედრა ქართველი ფეხბურთელისგან, რომელმაც ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყოველ ბურთზე მეტოქეების შეჩერებას ბრძოლით ახერხებდა“.

Calciomercato 6 ქულა: „მოწესრიგებულად ითამაშა, „კრემონეზეში“ წარუმატებელ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არცერთი გოლი მისი ბრალი არაა“.

Tuttomercato 5.5 ქულა: „მეორე გოლამდე ნორმალურად ითამაშა. რასპადორისთან თამაშით აჩვენა, რომ ტაქტიკური ინტელექტი აქვს და თავის ზონას იშვიათად ტოვებს“.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 23 ქულით სერია A-ს ლიდერია, ხოლო "კრემონეზე" 3 ქულით ბოლო ორ პოზიციას "სამპდორიასთან" ერთად იყოფს.

0.115584