ფეხბურთი

10:19 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დადებითი ბალანსის გარეშე: საქართველოს ნაკრების ისტორია ევროშესარჩევის მეტოქეებთან

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

წარსულში საქართველოს ხსენებულ ოთხივე გუნდთან უთამაშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, გასახსენებელი ბევრი დადებითია. უფრო მეტიც, ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი არცერთთან აქვს და მხოლოდ შოტლანდიასთან არ გააჩნია უარყოფითი ბალანსი.

კვიპროსის ნაკრებთან: 6 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე 3 წაგება

საქართველოს ნაკრები კვიპროსს ექვსჯერ შეხვდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ოფიციალურ მატჩში და ამიტომ, ჯერ ამ შეხვედრებზე ვთქვათ: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში, 2008 წლის 11 ოქტომბერს, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო 2009 წლის 28 მარტს, კვიპროსში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. დანარჩენი 4 თამაში ამხანაგური იყო: 1992 და 2004 წლებში მეტოქემ მოიგო, შესაბამისად, 1:0 და 3:1, ხოლო 1996 და 2017 წელს გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა - 2:0 და 1:0. როგორც ხედავთ, ბოლო დაპირისპირება 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა და მაშინ ვლადიმირ ვაისის გუნდმა გორში, გიორგი ქვილითაიას გოლით იმარჯვა.

ნორვეგიის ნაკრებთან: 3 მატჩი, 0 მოგება, 0 ფრე, 3 წაგება

საქართველოს ნაკრებს ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს ნორვეგიასთან 3-დან 3 მარცხი, თუმცა, უკვე 23 წელია ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან. 1996 წლის 1 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩში ნორვეგიელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო შემდეგი ორი თამაში ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით შედგა. 1999 წლის 29 აპრილს, თბილისში ნორვეგიამ 4:1 მოიგო, ხოლო იმავე წლის 30 მაისს, ოსლოში, მასპინძლებმა 1:0 იმძლავრეს.

შოტლანდიის ნაკრებთან: 4 მატჩი, 2 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება

ყველაზე კარგი ბალანსი საქართველოს სწორედ შოტლანდიასთან აქვს: 2 მოგება და 2 წაგება. ოთხივე თამაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით შედგა )2008 და 2016). პირველად ეს გუნდები 2007 წლის 24 მარტს, გლაზგოში შეხვდნენ და სქოთებმა 2:1 მოიგეს, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, საქართველომ 2:0 მოიგო და შოტლანდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოდა, პრაქტიკულად ჯგუფში ჩატოვა. შემდეგ იყო 2014 წლის 11 ოქტომბერს გამართული მატჩი, რომელიც შოტლანდიელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო 2015 წლის 4 სექტემბერს, თბილისში იმ დროს კახა ცხადაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრებთან: 5 მატჩი, 1 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები აქამდე 5-ჯერ შეხვედრიან და ყველა დაპირისპირება ბოლო 10 წელიწადში შედგა. თავდაპირველად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სადაც ესპანელებმა ორივე თამაში მოიგეს: 2012 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, 1:0 და 2013 წლის 15 ოქტომბერს, შინ - 2:0. მერე იყო ამხანაგური თამაში მადრიდში, 2016 წლის 7 ივნისს, როდესაც საქართველომ ისტორიული და ძალიან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (1:0), ხოლო ბოლო ორი დაპირისპირება სულ ახლახან შედგა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, როცა გუნდს უკვე ვილი სანიოლი წვრთნიდა. 2021 წლის 28 მარტს, თბილისში ესპანელებმა მძიმე ბრძოლაში, 2:1 მოიგეს, ხოლო იმავე წლის 5 სექტემბერს, პრობლემების გარეშე იმარჯვეს - 4:0.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118635