ფეხბურთი

18:10 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "საქართველოს ნაკრებს მიზნის მისაღწევად შანსი აუცილებლად ექნება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ქულების მოპოვება და საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ექნება შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლოს.

"საკმაოდ საინტერესოა ჯგუფია, რომელსაც ესპანეთის სახით ფავორიტი ჰყავს. ეს ცხადია ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს - შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. ამ გუნდებთან და მათ შორის ესპანეთთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. მთლიანობაში, ყველა გუნდთან შეიძლება ქულების აღება, თამაშის მოგება. ჩვენ გუნდს აუცილებლად ექნება შანსი, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც არის ჩვენი სურვილი და ოცნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მინდა ჩვენ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ის ეროვნული ნაკრების წარმატებული სვლა გაგრძელდება და წარმატებას ერთად მივაღწევთ", - თქვა კობიაშვილმა.

წილისყრა შეაფასა საქართველოს ფეხბურთელის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოპოვება ყველა გუნდთან შეიძლება.

"ძალიან საინტერესო ჯგუფია. ესპანეთი ფავორიტი და უდავოდ საუკეთესო გუნდია ჩვენს ჯგუფში. ვფიქრობ, რომ ყველა გუნდთან შეიძლება სახლში თამაში და გამარჯვების მოპოვება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება რომ საშინაო თამაშებში გამარჯვებას მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან საინტერესო და კარგ თამაშს ნახავს ჩვენი ნაკრების მონაწილეობით".

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.

0.113531