ძიუდო

17:16 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ფრანგი უმარ ჯალო იპონით დაამარცხა, შემდეგ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგაზე უმძიმეს, 7-წუთიან ბრძოლაში შიდოებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე სამი გაფრთხილებით საეიდ მოლაეის აჯობა, ფინალში კი ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა, რომელთანაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შარშან წააგო და ამჯერად 22 წლის ქართველმა რევანში აიღო და ოქროს მედალს დაეუფლა!

ძალიან დაძაბული შეხვედრა გრიგალაშვილმა დამატებით დროში ულამაზესი გდებით მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (ძიუდოში). ამრიგად, მას უკვე 22 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედალი (შარშან მოიგო) აქვს მოპოვებული, ასევე, ორგზის ევროპის ჩემპიონია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი სწორედ ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. მანამდე უმედლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ. 10 ოქტომბერს, საქართველოს სახელით 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ.

0.118921