ჩოგბურთი

16:48 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრიცმა იაპონიის ღია პირველობა მოიგო

იაპონიის ღია პირველობის ფინალში ორი 24 წლის ამერიკელის - ტეილორ ფრიცის და ფრენსის ტიაფოს პაექრობა, პირველის სასარგებლოდ, 7-6(3), 7-6(2) დასრულდა. ფრიცს მთელი თამაშის განმავლობაში, ძლიერი მოწოდბის ხარჯზე ჰქონდა უპირატესობა, რომელიც ორივე ტაიბრეიკზე გამოიყენა.

ტიაფოს აქამდე ზედიზედ 13 ტაიბრეიკი ჰქონდა მოგებული. ის ფრიცის მოწოდებებს ეფექტურად ხვდებოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, მეტოქე უფრო სტაბილური იყო. შეხვედრის განმავლობაში, ბრეიკები არ ყოფილა. ტიაფომ მეტოქის რამდენიმე ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლო.

მეორე სეტის ტაიბრეიკზე, ფრიცი თავიდანვე დაწინაურდა და როცა 6-2 იგებდა, მეტოქის მიერ არაზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით, შეხვედრას წერტილი დაუსვა. ამ გამრჯვებით, ფრიცი თავის კარიერაში პირველად შევა რეიტინგის მოწინავე ათეულში.

„ეს სიგიჟეა, ამაზე მეტს ვერც ვინატრებდი. ეს ისაა, რაც რეიტინგისთვის მჭირდებოდა. ამ მოგებით, სეზონს კარგ პოზიციაში დავასრულებ“, - განაცხადა ფრიცმა, ვისაც გამარჯვებისთვის, დაახლოებით ორი საათი დასჭირდა. ის მეათე ამერიკელი ჩოგბურთელია, ვინც იაპონიის ღია პირველობის მოგება შეძლო. ამერიკელთაგან ბოლოს, ტოკიოს ტურნირზე ჩემპიონი პიტ სამპრასი, 1996 წელს გახდა. გარდა ამისა, ფრიცს ამ სეზონში ისტბურნის ტურნირი და ინდიან ველსი აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ ფრიცს სამხრეთ კორეაშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ კოვიდ-19-ის ვირუსი შეეყარა. ამის გამო, ტოკიოშიც პირველი თამაშის დღეს, კორტზე გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა და დასვენება/გამოძინებაც კი ვერ მოასწრო. რაც შეეხება ტიაფოს, მას ამ სეზონში ტურნირი არ მოუგია, მაგრამ ტოკიოში ფინალში გასვლის წყალობით, რეიტინგში ორი საფეხურით წინ წაიწევს და მე-17 ადგილს დაიკავებს.

0.12106