ფეხბურთი

15:55 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "რთულ ჯგუფში მოვხვდით, თან საქართველოსთან"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, იოლ ჯგუფში მოხვედრას არც ელოდა და მისი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ რა ჯგუფიც არ უნდა შეგვხვედროდა, რთული იქნებოდა და რთული ჯგუფია, სადაც საქართველოც ნაკრებიცაა (იცინის - რედ). სირთულეები აშკარაა. აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება. ნოემბერში ამხანაგური მატჩები გვაქვს, რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ცხადია, რომ ყველა მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმალურ ძალისხმევას გავიღებთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საქართველო და კვიპროსი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, ორი თამაში საქართველოს ნაკრებმა მოიგო (მათ შორის, ბოლო ტესტ-მატჩი 2017 წელს), სამჯერ კვიპროსელებმა იმარჯვეს და ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127311