სლოვენიელმა ველომრბოლმა ტადეი პოგაჩარმა ლომბარდიის ერთდღიანი კლასიკური რბოლა მოიგო და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ამავე რბოლაში, თავიანთი სახელოვანი კარიერა დაასრულეს იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ და ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ.
პოგაჩარმა გამარჯვება ესპანელ ენრიკ მასთან პაექრობაში მოიპოვა. მათი ბოლო დუელი ჯირო დელ’ემილიაზე შედგა და მაშინ გამარჯვებას მასმა მიაღწია. ამჯერად მესამე ადგილი ესპანელმა მიკელ ლანდამ დაიკავა.
პოგაჩარისთვის, ვინც ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონია, ეს ამ სეზონში მოგებული მეშვიდე რბოლაა. ლომბარდიაში გამარჯვების შემდეგ, თავად ველომრბოლმა თავის სეზონს „თითქმის უნაკლო“ უწოდა.
„საოცარია დაბრუნება და გამარჯვების გამეორება. სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რამდენად მადლიერი ვარ თანაგუნდელების. მათ შესანიშნავად იმუშავეს. ამით ჩემი სეზონი დავასრულე და მიხარია, რომ მოგება შევძელი“, - განაცხადა პოგაჩარმა.
ნიბალიმ, ვინც ლომბარდიაში ასევე ორგზის გამარჯვებულია და არის იმ შვიდი ველომრბოლთაგანი, ვისაც სამივე ველომარათონი აქვს მოგებული, თავისი კარიერის ბოლო რბოლა 24-ე ადგილზე დაასრულა. „მესინელი ზვიგენის“ მეტსახელით ცნობილი მრბოლი ჩივილიოს აღმართზე დაეცა, თუმცა ასპარეზობის გაგრძელება შეძლო.
ვალვერდეს მხოლოდ ერთი ველომარათონი - ვუელტა აქვს მოგებული (2009 წელს), მაგრამ ერთდღიანი კლასიკური რბოლების სპეციალისტია და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ის ამჯერად მეექვსე ადგილს დასჯერდა, პოგაჩარს კი წუთზე მეტით ჩამორჩა.