„რედ ბულმა“ პიერ გასლის წასვლის ნებართვა მისცა მანაც კონტრაქტი „ალპინთან“ გააფორმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრიული კომპანიის მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისით დაინტერესდა.
26 წლის გასლი „ალპინში“ იმ ვაკანსიას შეავსებს, რომელიც ფრანგული გუნდიდან ფერნანდო ალონსოს „ასტონ მარტინში“ წასვლის შემდგ დარჩა. „ალპინს“ ალონსოს ადგილზე ავსტრალიელი ოსკარ პიასტრის აყვანა სურდა, ვინც სარეზერვო პილოტად ჰყავდა. მაგრამ მან უარი თქვა და „მაკლარენში“ გადადის. ის იქ თანამემამულე დანიელ რიკარდოს შეცვლის.
„იმ გუნდში გამოსვლა, რომელსაც ფრანგული ფესვები აქვს, რაღაც განსაკუთრებულია. კარგად ვიცი „ალპინის“ შესაძლებლობები. რამდენიმე სეზონია, მათ წინააღმდეგ მიწევდა რბოლა. მათი ამბიციები და პროგრესი შთამბეჭდავია“, - ამბობს გასლი.
მისმა გადასვლამ, სატრანსფერო კვანძი გახსნა - გასლის წასვლით გაჩენილ ვაკანსიას დე ფრისი ავსებს, ვინც ამჟამად „მერსედესის“ სარეზერვო პილოტია, მაგრამ გერმანულ გუნდში საპრიზო პილოტის როლი კარგა ხანს არ გათავისუფლდება და შესაბამისად, 27 წლის ჰოლანდიელ პილოტს იქ პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ, მან „რედ ბულის“ ოჯახში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც „ალფატაურის“ წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ დე ფრისი ფორმულა 2-ის და ფორმულა E-ს ჩემპიონია. მან ახლახანს, იტალიის დიდ პრიზზე, „უილიამსში“ ერთ რბოლაში შეცვალა ალექს ელბონი და სადებიუტო რბოლაშივე შეძლო ქულების აღება.
გასლიმ 2019 წელს „რედ ბულში“ რიკარდოს ადგილი დაიკავა, ვინც „რენოში“ (ახლანდელი ალპინი) გადავიდა. ფრანგმა ეს ადგილი ვერ შეინარჩუნა და მალე „ტორო როსოში“ (ამჟამინდელი ალფატაური) ჩამოაქვეითეს.ამ გუნდის მანქანით მან 2020 წელს იტალიის დიდი პრიზი მოიგო და შელახული რეპუტაცია აღიდგინა. თუმცა „რედ ბულის“ გული ვეღარ მოიგო. ხარებმა სერხიო პერესს მიანიჭეს უპირატესობა.
სხვათა შორის, „ალპინს“ ინდიქარი-დან ამერიკელი კოლტონ ჰერტას გადმოყვანა სურდა, მაგრამ ამან სუპერ ლიცენზიის მისაღებად საჭირო ქულები ვერ დააგროვა და შესაბამისად, ვერც ფ1-ში ასპარეზობის უფლება მიიღო.
„ალპინში“ გასლის გადასვლის შემდეგ, რიკარდო უადგილოდ დარჩა. მან უკვე განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში ასპარეზობას ვერ შეძლებს.
ამგვარად, ფორმულა 1-ში ორი ვაკანსიაღა დარჩა. თითო თავისუფალი ადგილი „უილიამსს“ და „ჰაასს“ აქვთ.