ფეხბურთი

13:00 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია Corriere Dello Sport-თან მიზნებზე, საკუთარ თავზე, ნაპოლისა და სპალეტიზე...

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Corriere Dello Sport-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან „ნაპოლიზე“, საკუთარ თავსა და მიზნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, როგორც სკუდეტოს, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და საკუთარ თავს საზღვრებს არ უწესებს.

„ნეაპოლელებმა ჩემი გვარის გამოთქმა უკეთ ისწავლეს, ახლა უკეთესია. ჟურნალისტები და ტელეკომენტატორებიც უკეთ წარმოთქვამენ, 1-დან 10 ქულამდე რამდენს დავუწერდი მათ ამაში? 6 ქულას. „ნაპოლის“ რამდენი ქულით შევაფასებ? მარტივია - 10-ით. ეს არის ძალიან ძლიერი და კარგი მოთამაშეებით სავსე გუნდი: თუ ასე გავაგრძელებთ, შეგვიძლია მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე ყველას ჰგონია.

ჩემთვის, ყოველი ტიტული, ყოველი გამარჯვება ოცნებაა: ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონაზე, ეს იყო შესანიშნავი ატმოსფერო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, ყოველთვის მეტზე უნდა ვიფიქროთ. კვარამანია? სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ყველა ან მინიმუმ ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ სწორედ ამიტომ, როცა ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ, ასი პროცენტით. მაქსიმუმზე მეტსაც. ბევრად ვმუშაობ გასაუმჯობესებლად და მინდა, მუშაობა გავაგრძელო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მაგრამ ერთი რამ ცხადია: მსურს მივაღწიო მწვერვალს.

კვარადონა თუ კვარავაჯო? ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო. არ შეიძლება: მარადონა ძალიან დიდია. ჩემთვის კვარაც კარგია. სპალეტი მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია. ძალიან, ძალიან კარგი: ის მეუბნება, რას ვაკეთებ სწორად და რას ვაკეთებ არასწორად. მაიძულებს გავაუმჯობესო. ის მაესტროა. პირველად მილანში, თავის სახლში შევხვდი და ბევრი რამ მითხრა.

"ნაპოლი“ არის ოჯახი, ძალიან ერთიანი ჯგუფი, რომელიც ბევრს მუშაობს და ყველა ერთი მიმართულებით იყურება. გარდა ამისა, ძალიან ძლიერი გუნდია. სკუდეტო? ბევრი ძლიერი გუნდია, "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "ფიორენტინა", "უდინეზემაც" სეზონი მაგრად დაიწყო, ამიტომ რთული იქნება.

გუნდის მიზნები? სკუდეტო, რა თქმა უნდა, ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი კი ამ ეტაპზე მიზანია. ჩემი და „ნაპოლის“ საზღვრები? არცერთს გვაქვს საზღვრები. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ, ხელიხელჩაკიდებულები. არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? რატომ უნდა ავირჩიო? ორივე. ანჩელოტის სიტყვები ძალიან სასიამოვნო იყო და გამიხარდა. მთელი გულით მას მადლობას ვეუბნები.

შედარება ჯორჯ ბესტთან? ამ საკითხებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია მისი დონის მიღწევა. ასე ვთქვათ, რომ მინდა მივაღწიო ჩემს დონეს: მე ვმუშაობ საკუთარი თავისთვის, რომ კვარა ვიყო.

კუმირი? კრიშტიანუ რონალდუ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი სიყვარული იყო გუტი მადრიდის "რეალიდან". როცა მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი თბილისში, ჩემს ქალაქში, თეთრი მაისურები გვეცვა: ზურგზე მისი სახელი დავიწერე.

ჩემი ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. ჩემი მშობლები და ჩემი ორი ძმა: ერთი უფროსი და მეორე უმცროსი, თორმეტი წლის. ის ასევე თამაშობს საქართველოში და მართლაც ძალიან კარგია. ის „ნაპოლიში“? შესაძლოა, რატომაც არა... ჩემი შეყვარებული? ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ჩემთან ჩამოდის. უნივერსიტეტში სწავლობს, სამედიცინოზე.

ლუკა ლოჩოშვილი და მე ახლო მეგობრები ვართ. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს: თამაში „დინამოში“ დავიწყეთ და ახლა საქართველოს ნაკრებშიც ერთად ვართ. ძალიან მიხარია, რომ მას ვნახავ, მაგრამ ნაკლებად მახარებს მის წინააღმდეგ თამაში.

ნეაპოლი? სპორტულ ბაზასთან ახლოს ვცხოვრობ და ბევრი ვალდებულების ფონზე ჯერ არ მქონია დრო, რომ ქალაქი მენახა ისე, როგორც მინდა, მაგრამ რაც ვნახე, ძალიან მომწონს: ფანებისგან დიდი სიყვარული იგრძნობა და ზოგადად ხალხი არაჩვეულებრივია. ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს. აქ ძალიან კარგი საკვებია. მე ყოველთვის მიყვარდა პასტა, საქართველოში ყოფნის დროსაც, ასე რომ, ეს ჩემთვის იდეალურია.

თავმდაბალი ვარ? ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს და ასე გავიზარდე: არ მიყვარს ისინი, ვინც აზვიადებენ და ბევრს ლაპარაკობენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და შემდეგ ხალხი შეაფასებს კარგი იყო თუ არა“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა.

0.112023