ფეხბურთი

1:19 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" სეზონში სტუმრად პირველად მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ პამპლონაში, „ელ სადარის“ სტადიონზე „ოსასუნას“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი თამაში მოიგო - 2:1.

„ვალენსია“ 28-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტის გოლით დაწინაურდა, ხოლო 54-ე წუთზე მუხთარ დიახაბიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. სამ წუთში მასპინძლებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ ჩიმი ავილამ გიორგი მამარდაშვილის კარისკენ დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა - ააცილა. სამაგიეროდ, 70-ე წუთზე „ღამურებმა“ ვერ გამოიყენეს პენალტი, ამჯერად ედინსონ კავანიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. სხვათა შორის, ურუგვაელს „ვალენსიაში“ გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია. პენალტის მომენტში თამაშის წესები გარსიამ დაარღვია, რომელმაც თან წითელი ბარათი მიიღო. კაცნაკლულმა „ოსასუნამ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა, თავი ბრაშანაჩმა გამოიჩინა და მამარდაშვილს სეზონში მესამე მშრალი მატჩის ჩატარების საშუალება არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ „ოსასუნას“ ბოლო წუთზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს და თამაში მასპინძლებმა 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს, თავის მხრივ, „ვალენსიას“ დიახაბი გაუგდეს, მაგრამ მან მეორე ყვითელი ბარათი სათადარიგო სკამზე მიიღო, რამაც გატუზო ძალიან გააბრაზა და ფეხბურთელს ჩხუბი დაუწყო.

მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, ერთადერთი დარტყმა მოიგერია, 24-ე წუთზე. მეორე დარტყმა კი გაუშვა, მაგრამ მისი დანაშაული გაშვებულ გოლში ნამდვილად არ არის.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა, თუმცა მერვე ტურის მატჩები სხვა გუნდებს ჩასატარებელი აქვთ. გატუზოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, შინ „ელჩესთან“ გამართავს, რომელიც ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112745