„რედ ბულს“ ამ სეზონში მეტოქეებთან დიდი უპირატესობა აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი RB18 სწორზეც და მოსახვევებშიც ერთნაირად სწრაფია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სტატისტიკის მიხედვით, სწორზე ყველაზე სწრაფი, აუტსაიდერი „უილიამსის“ მანქანაა. ორივეს ჯამში კი „რედ ბულს“ ვერავინ სჯობს.
რის ხარჯზე ახერხებენ ხარები ასეთი სრულყოფილი მანქანის შექმნას? ეს კითხვა ავსტრიული გუნდის ყველა მეტოქეს აინტერესებს. აეროდნმიკა ისეთი რამ არის, რომ თუ სიჩქარეს სწორზე გაგიზრდის, მოსახვევში წაგართმევს და პირიქით. საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა, რასაც გუნდები აეროდინამიკურ მილში და კომპიუტერული პროგრამირებით ცდილობენ.
გერმანულმა გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“ ამ ყოველივეზე განმარტება „მერსედესის“ ინჟინრისგან მიიღო, ვინც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ის ამბობს, რომ „რედ ბულის“ მანქანას, სიჩქარის აკრეფისას, უკანა ნაწილის დაბლა დაწევა ახასიათებს და სწორედ ესაა მისი უპირატესობის ერთ-ერთი მიზეზი.
„როდესაც მათი მანქანა გაჩერებულია, მისი უკანა ნაწილი, სხვა მანქანებისაზე მეტად არის აწეული. მაქსიმალურ სიჩქარეზე კი პირიქითაა - ყველაზე დაბლაა. ჩვენ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამისთვის საჭიროა, რომ ამ ნაწილში დამატებითი თავისუფალი სივრცე გვქონდეს. ის რომ გვქონდეს, ტრანსმისიის და უკანა საკიდარის კონსტრუქცია უნდა შეიცვალოს, რაც ალბათ დამძიმებას გამოიწვევს. მაგრამ ჩვენ არც წონის მარაგი გვაქვს და არც თავისუფალი სივრცე“, - ამბობს „მერსედესის“ ინჟინერი.