საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური გორში გაიხსნა, სადაც „დილამ“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შედეგად, იმერული გუნდის 9-მატჩიანი წაუგებელი სერია (7 მოგება, 2 ფრე) შეწყდა.
შეხვედრაში მთავარი მოვლენები საწყის 25 წუთში განვითარდა და ყველაფერი ამ მონაკვეთში მოხდა. მე-11 და 22-ე წუთებზე თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა და თავისი ყოფილი გუნდის კარი ორჯერ დალაშქრა. მეორე გოლიდან ერთ წუთში გიორგი არაბიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 25-ე წუთზე „დილა“ კაცნაკლული დარჩა, რადგან მეკარე დანილო კანევცევი გააძევეს. აღსანიშნავია, რომ წითელი ბარათი საკმაოდ საკამათო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საათზე მეტი „ტორპედომ“ რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა, გამათანაბრებებელი გოლი ვერ გაიტანა და 25 ივნისის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.
გორის „დილამ“ ამ გამარჯვებით 46 ქულა დააგროვა და სწორედ „ტორპედოს“ გაასწრო, რომელიც თავის მხრივ 44 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ანდრეი დემჩენკოს გუნდი „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო კახა ჩხეტიანის შეგირდები „საბურთალოს“ დაუპირისპირდებიან.
„დილა“ – „ტორპედო“ 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 კაპანაძე (11), 2:0 კაპანაძე (22), 2:1 არაბიძე (23)