ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „კოპენჰაგენს“ 5:0 მოუგო. „ქალაქელთა“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა.
ეს 22 წლის შემტევის 27 და 28-ე გოლები გახლდათ ტურნირის 22 მატჩში, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ მატჩში მას 1,27 გოლი გააქვს. ამ მაჩვენებლით ის ლიგაში სხვადასხვა წლებში მოთამაშე 98 გუნდს სჯობნის - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.
ჰოლანდი ასევე მესამე ფეხბურთელი გახდა ინგლისური კლუბებიდან, ვინც ტურნირის პირველ სამ შეხვედრაში გაიტანა. მანამდე ასეთი მაჩვენებელი „არსენალის“ მარუან შამახს და ასევე „სიტის“ ფერან ტორესს ჰქონდთ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის სამ მატჩში ჰოლანდმა ხუთი ბურთი გაიტანა, პრემიერლიგის 8 შეხვედრაში კი - 14.