იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტნის განცხადებით, კვარაცხელიას ბევრი მაგარი თვისება აქვს და მისი ყოლა გუნდისთვის უპირატესობაა.
„მწვრთნელმა და მენეჯმენტმა ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, რადგან სპალეტის მინიშნებები, თუ როგორი ტიპის ფეხბურთელები სურდა, აშკარა იყო. კლუბმაც ძალიან კარგად იმუშავა ბაზარზე, რადგან არა პირველი დონის ფეხბურთელები, არამედ მოთამაშეები დაიმატა, რომლებმაც გიჟური გავლენა აჩვენეს. კვარა რაღაც შთამბეჭდავი ფეხბურთელია. კაცს ყოველთვის ატყუებს, პოლიტანოც ხშირად აკეთებს ამას, მაგრამ ის უფრო მოედნის შუაში იწევს, კვარა კი მუდმივად პირდაპირ კაცზე მიდის.
ქართველს აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და სითავხედე. ნამდვილად გასაოცარ რაღაცებს აკეთებს, იმედია, „ნაპოლისთვის“ ასე გაგრძელდება, რადგან მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, პირველ რიგში ის უპირატესობა გაქვს, რომ თუ ის დაცვას გაარღვევს, მერე მთელი გუნდი აცნობიერებს, რომ დამატებითი იარაღი აქვს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლებია სპალეტის გუნდები კარგად თამაშობენ, რადგან ფეხბურთელების ჩაყენებას საუკეთესო პირობებში ახერხებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ყველა საკუთარი თვისება გამოავლინონ. როდემდე ითამაშებს ასე „ნაპოლი“? არავინ იცის, დღეს ამ გუნდის თამაშის ყურება სიამოვნებაა, ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან კარგად თამაშობს, განსაკუთრებით „ლივერპულთან“. მათ იციან დრიბლინგები, ბურთის შენარჩუნება, ვერტიკალური თამაში და თუნდაც შემადგენლობა შეცვალონ, ახერხებენ, რომ წარმატებული იყვნენ“, - თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ჩატარებულ 10 მატჩში თავი 5 გოლით, 2 საგოლე პასითა და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.