ფეხბურთი

0:55 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო

„იუვენტუსმა“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა. სერია A-ს მერვე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ბოლონიას“ უმასპინძლა და იოლად, 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ანგარიში ფილიპ კოსტიჩმა დუშან ვლაჰოვიჩის პასით გახსნა. ზოგადად, პირველი ნახევარი „იუვეს“ კარგად არ ჩაუტარებია და ერთბურთიანი უპირატესობა რომ მოიპოვა, ამითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. გაცილებით კარგი იყო მეორე ტაიმში, რაც შედეგშიც აისახა. ჯერ ვლაჰოვიჩმა შეწყვიტა უგოლო სერია და ანგარიში გაზარდა, ხოლო სამ წუთში არკადიუშ მილიკმა ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო - 3:0. დარჩენილ დროში ტურინელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს. მთავარი ისაა, რომ „იუვემ“ 31 აგვისტოს შემდეგ იმარჯვა.

შედეგად, „ბებერმა ქალბატონმა“ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.

სერია A-ს „ნაპოლისთან“ ერთად სათავეში ბერგამოს „ატალანტა“ უდგას, რომელმაც მორიგი გამარჯვება საკუთარ მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ადემოლა ლუქმანის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ჯან პიერო გასპერინის გუნდს 20 ქულა აქვს და ლიდერია.

კარგ ფორმაშია რომის „ლაციო“, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო და ლიდერთა დუეტს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მაურიციო სარის გუნდმა შინ „სპეცია“ 4:0 გაანადგურა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „მონცას“ ზედიზედ მეორედ მოგება. რაფაელე პალადინის გუნდმა გენუაში „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა და გენუელთა მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო უსაქმოდ დატოვეს, რადგან დაითხოვეს. „სამპას“ საშინელი სეზონი აქვს და მოუგებლად ასპარეზობს, თან ბოლო ადგილზეა.

სერია A-ში კიდევ ერთი გუნდია მოგების გარეშე - ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“. მასიმილიანო ალვინის გუნდი „ლეჩესთან“ გასვლაზე იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. „კრემონეზე“ 3 ქულით მე-19 პოზიციაზეა.

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოსტიჩი (24), 2:0 ვლაჰოვიჩი (59), 3:0 მილიკი (62)

„ატალანტა“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლუქმანი (59)

„ლეჩე“ – „კრემონეზე“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჩოფანი (19, პენ), 1:1 სტრეფეცა (42, პენ)

„სამპდორია“ – „მონცა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 პესინა (11), 0:2 კაპრარი (67), 0:3 სენსი (90)

„სასუოლო“ – „სალერნიტანა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლორიენტი (12), 2:0 პინამონტი (39), 3:0 თორსტვედტი (53), 4:0 ჰარუი (76), 5:0 ანტისტე (90)

„ლაციო“ – „სპეცია“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ძაკანი (12), 2:0 რომანიოლი (24), 3:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (61), 4:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (90)

0.47073