ფეხბურთი

20:45 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი - რეკორდების მტერი

ერლინგ ჰოლანდის შეჩერებას აბსოლუტურად ვერავინ ახერხებს. მანჩესტერულ დერბიში „სიტის“ ფორვარდმა „იუნაიტედის“ წინააღმდეგ უბრალოდ გაიბრწყინა!

3 გოლი და 2 საგოლე პასი - ნორვეგიელმა ფორვარდმა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ფილ ფოდენმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, თანაგუნდელი მაინც დაჩრდილა.

ჰოლანდი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ საშინაო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მას უკვე 8 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 7 გოლით უსწრებს უახლოეს მდევარ ჰარი კეინს. მთლიანად სეზონში? 11 თამაში და 17 გოლი! ტოპ ხუთ ჩემპიონატიდან მასზე შედეგიანი არავინაა და რა გასაკვირია.

კარიერაში ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი მე-15-ედ შეასრულა, ამასთან 1970 წლის შემდეგ „სიტის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც მანჩესტერულ დერბიში სამი გოლი გაიტანა.

ამგვარად, მისი შეჩერება უკვე ყველასთვის წარმოუდგენელი ხდება. „მანჩესტერთან“ მატჩამდე ნიშანდობლივი იყო პეპ გვარდიოლას კომენტარიც: „რა ვთხოვე ჰოლანდს? 5 გოლის გატანა!“

მოკლედ, ნორვეგიელი ბომბარდირისთვის ზღვარი არ არსებობს...

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, მაგრამ მეორე ადგილზეა და „არსენალს“ ქულით ჩამორჩება. „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 12 ქულა აქვს და 7 ტურში უკვე მესამედ წააგო.

0.111827