ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ესპანიოლს“ ესტუმრა და ქართველმა მეკარემ ორი გოლი გაუშვა, თუმცა მისმა გუნდმა ქულა მაინც მოიპოვა - 2:2.
„ვალენსია“ 54-ე წუთზე გაბრიელ პაულისტამ დააწინაურა, რასაც ორ წუთში ხოსელუმ უპასუხა, ხოლო 83-ე წუთზე სერჟ დარდერის გოლით მასპინძლები წინ გავიდნენ. ჯენარო გატუზოს გუნდი მარცხისგან კომერტმა 96-ე წუთზე იხსნა და „ვალენსიამ“ ფრედ ამ სეზონში პირველად ითამაშა.
გიორგი მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, მე-16 წუთზე ძალიან რთული ეფექტური დარტყმა. პირველ გაშვებულ გოლში მისთვის ბრალის დადება საკმაოდ ძნელია, თუმცა მეორე გოლის მომენტში ალბათ, მეტის გაკეთება შეეძლო. ესპანურმა გამოცემებმაც მას საკმაოდ მაღალი ქულა დაუწერეს (უმეტესად 7 ქულა).
„ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, 7 ოქტომბერს კი, პამპლონაში „ოსასუნას“ შეხვდება. 22 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.