ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში საქართველოს ნაკრების წევრმა თად მაკფადენმა დიდებული თამაში ჩაატარა.
მაკფადენის „მურსიამ“ სტუმრად „სარაგოსა“ 81:64 დაამარცხა, რაშიც თადის წვლილი ძალიან დიდია. მან არასრულ 25 წუთში 28 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მაკფადენმა 3-დან 3 ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ცხადია, მატჩის MVP გახდა.
ამავე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ჟირონა“ 76:67 დაამარცხა, თუმცა გიორგი შერმადინს არ უთამაშია. ქართველ ცენტრს მცირე ტრავმა აქვს და სამწვრთნელო შტაბმა მისი თამაშში ჩართვა არ გარისკა.